მამუკა ხაზარაძე – 4 წლის თავზე მე ვარ ანაკლიაში, რათა მთელ ქვეყანას ვუთხრა: „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა უმნიშვნელოვანესი პროექტი – ჩვენ გვესმის ტყუილი, რომ „ანაკლიის პროექტი დაიწყება”, მაგრამ ანაკლიაში არაფერი ხდება

4 წლის თავზე მე ვარ აქ, რათა მთელს ქვეყანას ვუთხრა, რომ “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს, მოკლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისვე უმნიშვნელოვანესი პროექტი – ანაკლიაში არაფერი ხდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მ ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ამ პროექტის გაჩერებით საქართველომ დაკარგა ფუნქცია, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშე და გამტარი ყოფილიყო ყველა იმ სატრანსპორტო ტვირთებისა და სერვისების, რომლებიც საქართველოს გავლით ევროპაში, თუ პირიქით – აზიაში მიედინება“.
„4 წლის თავზე მე ვარ აქ, რათა მთელს ქვეყანას ვუთხრა, რომ “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს, მოკლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისვე უმნიშვნელოვანესი პროექტი. 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვესმის ტყუილი, რომ “ანაკლია დაიწყება”, “ანაკლია დაიწყება”, მაგრამ არაფერი ხდება იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ტყუილი დაპირება, რომ რაღაც მოხდება. ანაკლიაში არაფერი ხდება. მინდა ყველას გითხრათ, რომ აი, აქ „ქართული ოცნების” მიერ ამ პროექტის გაჩერებით, ამ რეგიონმა ათი ათასობით სამუშაო ადგილი დაკარგა. აქ ახლა ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმებული უნდა იყვნენ და აქ უნდა ყოფილი დიდი დოვლათის შექმნის პროცესი. ამ პროექტის გაჩერებით ქვეყანამ ბიუჯეტში დაახლოებით, ნახევარი მილიარდი საშემოსავლო გადასახადი დაკარგა, ასევე, 2,2 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ დაკარგა ფუნქცია, რომ დღეს საქართველო, აი, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მნიშვნელოვანი მოთამაშე და გამტარი ყოფილიყო ყველა იმ სატრანსპორტო ტვირთებისა და სერვისების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გავლით ევროპაში, თუ პირიქით – აზიაში მიედინება. მინდა გითხრათ, ამ პროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა, ჩვენ, „ლელო“, აუცილებლად ავაშენებთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ, ასევე, „ლელოს“ მიერ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო ლოჯისტიკური ჰაბის მშენებლობასა და ძველი პარლამენტის შენობაში საფონდო ბირჟის გახსნას უკავშირდება.
„ორ პროექტზე მოგახსენებთ. შემდეგი პროექტი ანაკლიასთან ერთად, პირდაპირ ბმაში იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო დიდი ლოჯისტიკური ჰაბის მშენებლობასთან. ეს ორი ქალაქი [ერთმანეთთან] კავშირში საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ასე ვთქვათ, მთლიანი ჰაბის შეკვრის საშუალებას მოგვცემდა. ეს კიდევ იმის მოცემულობას გვაძლევს, რომ საქართველო ინდუსტრიების მძლავრი მოთამაშე გახდეს, იმ ლოჯისტიკური მიმოსვლების, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება არა მატო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს რეგიონს. აქვე, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ქუთაისში დაგეგმილი გვაქვს და ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ, პარლამენტის ძველ შენობაში საერთაშორისო საფონდო ბირჟის გაკეთება. საფონდო ბირჟა ის მექანიზმია, რომელიც საქართველოს და უპირველესად, ჩვენს ბიზნესებს საერთაშორისო ფინანსურ ქსელში ჩართავს; საქართველოს გავლით დაფინანსდება არამარტო საქართველოს ბიზნესები და ეკონომიკა, არამედ მთელი რეგიონის ბიზნესები. ჩვენ მთელი რეგიონის ფინანსური ცენტრი გავხდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.