მომხდარი ტერაქტების შემდეგ, დაღესტანში კონტრტერორისტული რეჟიმი ამოქმედდა

23 ივნისს რუსეთში, დაღესტნის ორ ქალაქში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, ტერაქტები მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საპოლიციო პუნქტს დაესხნენ თავს.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ქალაქ დერბენტში სინაგოგისა და ეკლესიის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნეს.
ამასთანავე, რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ ამ დროისთვის დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია ამოქმედებული, ხოლო მაჰაჩყალისა და დერბენტის ქალაქებში შეტაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
რუსული მედიის ცნობებით, თავდასხმის შედეგად დერბენტში ს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და შვიდი პოლიციელია მოკლული, ხოლო დაჭრილია 25 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ტერაქტებში მონაწილე ორი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია.
ტელეკომპანია Дождь-ი ასევე წერს, რომ დაღესტნის სამართალდამცავი სააგენტოს წყაროს მიხედვით, მომხდარი თავდასხმა შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყოს დაკავშირებული.
ამას გარდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის გამგებლის, მაგომედ ომაროვის შვილებიც იყვნენ, რომელთაგანაც ორივე შეტაკებების დროს მოკლეს. Дождь-ის ინფორმაციით, მაგომედ ომაროვმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.