„ცოცხალია, კამერებში ვნახე“ – წერს დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე

ოთხი დღის წინ, თბილისში დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე ფეისბუკში წერს, რომ მისი ქმარი ცოცხალია და რომ მან ის კამერების დათვალიერების შედეგად ამოიცნო.
„ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!“ – წერს ირმა მალაციძე.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერჯერობით დამატებით მათ არაფრის თქმა არ შეუძლიათ. არც იმის დადასტურება, რომ გიორგი გახელაძე ნაპოვნია.
19 ივნისს 57 წლის გიორგი გახელაძე სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ვაკის პარკში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგია გამორთული იყო. როგორც გიორგი გახელაძის ძმა ლევან გახელაძე ამბობს, პარკიდან საგამომძიებლო ორგანოებმა კამერები მაინც ამოიღეს და ჩანაწერები შეამოწმეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები.
21 ივნისს გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორმოცდაათამდე მოხალისე კუს ტბაზე შეიკრიბა და ვაკის პარკის მიმართულებით შეამოწმა ტერიტორია, თუმცა მათ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
გიორგი გახელაძის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.