“გახსოვდეს გავრილოვის ღამე”, – ამ ლოზუნგით მომიტინგეები 20 ივნისს აქციის დარბევის 5 წლისთავზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით გმირთა მოედნისკენ წავიდნენ.
აქციის ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი”, რომელიც “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის აქტიური მონაწილე იყო.
დემონსტრანტების განცხადებით, ისინი გეგმავენ, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმა გააჟღერონ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივიდეს არჩევნებამდე ქვეყანა.
2019 წლის 20 ივნისის დილას რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.
ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ “ქართულ ოცნებას”, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა.
ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.
22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.
იმ ღამით არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა – გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა – თვალი დაკარგა.
ფორუმი