იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.
ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.
გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნებათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის მართვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.
კანონპროექტით, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. რაც შეეხება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, ის დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, დაგეგმილია კანონის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედება და პენიტენციურ დაწესებულებებს ექნებათ ორწლიანი გარდამავალი ვადა, რომ არსებული მსჯავრდებულთა ბაზიდან მოახდინონ მონაცემების აღება.
„ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში შეიქმნას ერთიანი, ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელსაც ექნება სხვადასხვა დანიშნულება და პირველ რიგში, ეს არის დანაშაულის დროული აღკვეთა, გამოვლენა, პრევენცია და გამოძიების ეფექტურად ჩატარება. გარდა ამისა, დაკარგული და გაუჩინარებული პირების იდენტიფიცირება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.