ამერიკელი იურისტი და მკვლევარი მაქსიმ კრუპსკი, რომელსაც წარსულში, რუს უფლებადამცველთა ადვოკატობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა ქვეყნებში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მოქმედებას მიმოიხილავს. ქართული კანონი მას უნგრულ ანალოგს უფრო აგონებს, ვიდრე რუსულს. უნგრეთის კანონი კი ზუსტად 3 წლის წინ, 2021 წლის ივნისში გაიწვიეს, მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2019 წელს დაადგინა, რომ ის დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
იურისტ მაქსიმ კრუპსკის მაია ქვარცხავა ესაუბრა. ინტერვიუ რედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადის შეტანის მიზნით.
ბევრ ქვეყანას აქვს “უცხოეთის აგენტების” კანონი, ამა თუ იმ სახელითა თუ ფორმით. რამდენად განსხვავდება ეს კანონები დასავლეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, საერთოდ რამდენად შესაძლებელია მათი შედარება და დაპირისპირება?
რთულია შედარება, რადგან ისინი ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება. ოფიციალურად, ეს არის ხელსაწყო, რომლითაც სახელმწიფოს სუვერენიტეტს გარე ჩარევისგან იცავენ – მნიშვნელოვანია, ამას ხაზი გაესვას. თუმცა, რეალობაში ბევრი ქვეყანა მას სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის დევნისთვის იყენებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შესავიწროებლად.
საერთო კანონებს მხოლოდ ავტორთა რიტორიკა აქვთ: რომ კანონი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვისაა საჭირო; რომ გვაქვს უფლება სუვერენიტეტი უცხოეთის გავლენისგან დავიცვათ, განსაკუთრებით – მათი ფარული ოპერაციებისგან; აუცილებელია რაიმე სახის თავდაცვის მექანიზმი და ამიტომ; ჩვენ არ გვსურს უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ან უცხოეთის კომპანიების აკრძალვა, მაგრამ გვსურს, რომ მათი მუშაობა უფრო გამჭვირვალე გახდეს, გამჭვირვალობა უნდა უზრუნველვყოთ. სწორედ ამისთვისაა ეს კანონმდებლობა და სწორედ ამიტომ გვსურს მისი მიღება.
ეს არის ის, რაც ზედაპირზე ჩანს. თუმცა, თუ ჩავუღრმავდებით, თუ თითოეულ კანონმდებლობას დეტალურად შევხედავთ, მათ შორის უამრავი განსხვავებაა… ის აქვს ათეულობით ქვეყანას, შეერთებულ შტატებს, ისრაელს, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს და სხვებს. მათი სახელიც თითქოს მსგავსია და ტერმინოლოგიაც, მაგრამ სინამდვილეში კანონები ერთმანეთისგან ძალიან, ძალიან განსხვავდება. მთავარი განსხვავება კი კანონის ხარისხია, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება მის სტრუქტურას, ბუნდოვანებას, რეპრესიის მეთოდებს და ასე შემდეგ.
უფრო კონკრეტული შემთხვევებიც მაინტერესებს, ეს ძალზე ზოგადი შეფასებაა. მაგალითად: შეერთებულ შტატებში “ფარა” [უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი], არ აიძულებს ვთქვათ, “ბი-ბი-სის” ან “დოიჩე ველეს” რეგისტრაციას, როგორც ეს ახლახან რუსეთში მოხდა, როცა “ბი-ბი-სის” რეპორტიორი ილია ბაბანოვი მოსკოვმა უცხოეთის აგენტად შერაცხა. თუმცა, ამერიკამ დაახლოებით 7 წლის წინ არუსეთის ტელევიზია “რაშა თუდეი – ამერიკა” აგენტად დაარეგისტრირა. ხომ ვერ აუხსნიდით აუდიტორიას განსხვავებას ამ შემთხვევებს შორის, რომლებიც კონკრეტულად მედიას ეხება?
დიახ, ეს მართლაც კარგი შეკითხვაა, რადგან ზოგჯერ მათ შორის განსხვავება რიგითი ადამიანისთვის რთული გასაგებია… რუსეთისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში “ფარა” ზედმიწევნით გარკვევით აყალიბებს უცხოეთის აგენტის აქტივობას. ის ამბობს, რომ აგენტი მოქმედებს უცხოეთის სახელმწიფოს სახელით, ან მისი კონტროლის ქვეშ. ეს კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ აგენტს ნამდვილად აქვს კავშირი უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, უცხოეთის ძალებთან და მათ ინტერესებში მოქმედებს.
რაც შეეხება “რაშა თუდეის”, შეერთებულ შტატებს ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ ეს არ იყო წმინდა წყლის ჟურნალისტური საქმიანობა. ეს იყო პროპაგანდა… და რუსეთის ფედერაციის მთავრობის ინტერესებით, ინფორმაციის მანიპულაცია. სწორედ ამიტომ დაარეგისტრირეს ის აგენტად. კიდევ გავიმეორებ: ეს არა წმინდა ჟურნალისტური საქმიანობაა, არამედ – რუსეთის მთავრობის ინტერესებით ნაკარნახევი ქმედება.
შეერთებულ შტატებში მტკიცებულებაა საჭირო, რომ არსებობს კავშირი აგენტსა და მთავრობას შორის. მაგრამ რუსეთს ეს ვალდებულება არ აქვს, არანაირი მტკიცებულება არ არის საჭირო, აგენტსა და უცხო ქვეყნის მთავრობას შორის კავშირის, კანონში უცხო ქვეყნის მთავრობაც კი არ წერია. მათ პირდაპირ შეუძლიათ ეს იარლიყი ნებისმიერი საქმიანობისთვის მოგაკერონ. აგენტი ხარ, მაგრამ გაურკვეველია – ვისი. გადაწყვეტილებას უბრალოდ ძალაუფლების მქონენი იღებენ, ყოველგვარი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, რომ დაასახელონ ის, ვისი ინტერესების დასაცავად, თუ ვისი კონტროლითაც მოქმედებს ესა თუ ის აგენტი.
ასე რომ, შეიძლება მხოლოდ ჟურნალისტობისთვის, უბრალოდ ობიექტური ინფორმაციის გადაცემისთვის დაისაჯო, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას მთავრობაში ეს არ მოსწონს, რომ შეიძლება მათ აკრიტიკებდე და შენი პოზიცია მთავრობისას არ ემთხვეოდეს. ეს შენ პრობლემას შეგიქმნის. რუსი ოფიციალური პირების თვალში, შენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უცხოეთის აგენტი ხარ. ესაა მთავარი განსხვავება.
მადლობა განმარტებისთვის. რაკი რუსეთზე სპეციალიზდებით, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ: რას გვეტყვით ალსუ კურმაშევას პროცესზე? ვინც არ იცის, ეს არის “რადიო თავისუფლების” ამერიკელი ჟურნალისტი, წარმოშობით რუსი, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამერიკის და რუსეთის. ალსუ რუსეთში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა და გასული წლის ოქტომბერში დააკავეს იმის გამო, რომ არ დარეგისტრირდა უცხოეთის აგენტად. როგორ ფიქრობთ, მას თავისუფლების აღკვეთა ელის?
დიახ, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება იყო. ეს სისხლის სამართლის საქმიდან, ბრალდების მუხლითაც კარგად ჩანს… მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრეს იმის გამო, რომ უცხოეთის აგენტად არ დარეგისტრირდა, რომ ის მიზანმიმართულად აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობაზე უცხოეთის წყაროებისთვის. ამ მუხლის მიყენება ყველასთვის შეუძლიათ. ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჟურნალისტი, მკვლევარი, ვინც ინფორმაციას თუნდაც საჯარო, ღია წყაროებიდან იღებს, შეიძლება მსხვერპლი გახდეს, თუნდაც ის მხოლოდ საკუთარი პროფესიული ინტერესებიდან გამოდიოდეს, რუსეთის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ არ აყენებდეს და სხვა ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებდეს…
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლიათ რუსეთში სრულიად უკანონოდ, ჟურნალისტების დევნა და დასჯა, თუ რამდენად რეპრესიული მექანიზმი მოქმედებს რუსეთში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, და აქ მხოლოდ საკუთარ შეხედულებას ვამბობ, ალსუ მარტო იმიტომ დააკავეს, რომ ის პირველ რიგში ჟურნალისტია, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი და კიდევ იმიტომ, რომ ის ამერიკის მოქალაქეა… ის შესაძლოა მომავალში პატიმრების გაცვლისთვის გამოიყენონ – ვინმე, შეერთებულ შტატებში დაკავებულ, რუს პატიმარში გასაცვლელად. მტკიცედ მწამს, რომ ალსუ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. არ არსებობს მისი დაკავებისა და სასამართლო დევნის სამართლებრივი ბაზა.
ვიდრე საქართველოზე ვისაუბრებთ, ორიოდ მოკლე კითხვა სხვა ქვეყნებზეც მინდა დაგისვათ. რას გვეტყოდით ბელარუსზე? მათ როგორც ასეთი, “უცხოეთის აგენტების” კანონი არც აქვთ, მაგრამ მაინც აღწევენ იგივე მიზნებს, რასაც რუსეთის მთავრობა, ვგულისხმობ – სიტყვის, თუ გამოხატვის თავისუფლებათა შეზღუდვას.
ვფიქრობ, ბელარუსში საქმე გაცილებით მარტივადაა. რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მთავრობამ იქ ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა თავისუფალი აზრის დევნა და შევიწროება – ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის, დემოკრატიული საფარველის, შენიღბული ინსტრუმენტებისა და თამაშების გარეშე. მთავარი აქტორი იქაც ისევ და ისევ რუსეთის ფედერაციაა. ბელარუსში მათ დემოკრატობანას თამაში აღარ სურდათ. სამეზობლოს ამ ნაწილში მათ არ ესაჭიროებოდათ სპეციალური კანონის მიღება უცხოეთის აგენტებზე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და განსხვავებულად მოაზროვნეების სადევნელად, უამრავი სხვა, უფრო მკაცრი ინსტრუმენტი გააჩნდათ.
ვიცი, რომ ეს კითხვა უფრო პოლიტიკურია, მაგრამ როგორ შეაფასებდით ბოსნიის შემთხვევას? “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტი იქ, სერბეთის რესპუბლიკაში ზუსტად იმ დღეს გაიწვიეს, როცა საქართველოს პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. როგორ გგონიათ, ავტონომიის მთავრობა მას გარკვეული ცვლილებებით ისევ დააბრუნებს და მაინც დაამტკიცებს, თუ ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო?
ჩემი აზრით, მას მცირეოდენი ცვლილებებით, მაგრამ ისევ წარმოადგენენ. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. რა თქმა უნდა, სახეზეა კრიტიკა ევროპის კავშირისა და შეერთებული შტატების პოლიტიკოსთა მხრიდან, ისევე როგორც ეს საქართველოსთან მიმართებით ხდება. სავარაუდოა, რომ ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკას ევროკავშირმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გარკვეული, უფრო კონკრეტული პირობებიც წაუყენა. როგორც ჩანს, მათ ეს სწორედ ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირების რეაქციებიდან გამომდინარე გააკეთეს. არ ვიცი, როდის, მაგრამ როგორც საჯარო განცხადებებითაც ჩანს, ისინი კანონპროექტში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ და მას ხელახლა წარმოადგენენ. შესაძლოა, უფრო დემოკრატიული ვერსიაც იყოს. თუმცა, სერბეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძალზე მაცდურია ამ კანონმდებლობის მიღება და ქონა.
და ბოლო კითხვა საქართველოზე. როგორ გგონიათ, რატომ ისმის ასეთი ხშირი და ფართო კრიტიკა დასავლეთიდან საქართველოში დამტკიცებულ ანალოგიურ კანონზე? რა საერთო აქვს მას სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებთან და ყველაზე უფრო ამ ტიპის რომელი ქვეყნის კანონს გაგონებთ?
უნდა ვთქვა, რომ ქართული კანონი შინაარსით უფრო უნგრულ კანონს მაგონებს, ვიდრე რუსულს. ვიცით, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიის საშუალება 20%-ზე მეტ დაფინანსებას წლიურად უცხოეთიდან იღებს, ის უცხოეთის ინტერესების გამტარებლად ითვლება. ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ის რუსული კონსტრუქციისაა, თუმცა მესმის, თუ რატომ უწოდა მას ხალხმა რუსული – კანონის გამოყენების საშიშროებიდან გამომდინარე. ამ დროს, შინაარსს თუ შევხედავთ, ჩემი აზრით, ის რუსულზე მეტად, გაცილებით მეტად ჰგავს უნგრეთის მიერ 2017 წელს წარმოდგენილ კანონს.
ამ საკითხს ცოტა ხანში დავუბრუნდები. აქ კი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ქართველ ხალხს სამართლიანად აქვს შეშფოთება და შიში, რომ ეს კანონი რიგითი ადამიანების უფლებებს შელახავს, შეზღუდავს ქვეყნის დამოუკიდებელ მედიას. უზარმაზარი ნიადაგია ამ შიშების არსებობის, რადგან საქართველოს შემთხვევაშიც კანონში არის გარკვეული ბუნდოვანება, მას არ აქვს გამოკვეთილად ჩამოყალიბებული კონსტრუქცია, კარგად არ არის განსაზღვრული, თუ რა ტიპის კავშირებზეა საუბარი – მედიას, სამოქალაქო აქტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხოეთის მთავრობებს შორის.
[კანონის მიხედვით,] მთავრობას, მის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ეს ორგანიზაციები, ან მედიის საშუალებები უცხოეთის ძალების ინტერესებს ატარებენ, ან მისი კონტროლის ქვეშ არიან. ამისთვის დაფინანსების მცირედი ნაწილის წყაროც საკმარისია. ეს ძალზე უსამართლო კონსტრუქციაა, რადგან რუსეთის გამოცდილების მსგავსად, თუკი დამოუკიდებელი მედია ხარ და მცირე შემოსავალი მაინც თუ უცხოეთიდან შემოგდის, მაშინ უცხოეთის ძალების ხელში, ავტომატურად მათი ინსტრუმენტი ხდები.
ეს არამარტო სრულიად უსამართლო კონსტრუქციაა, არამედ კანონის ხარისხიანობის მხრივ, არალეგალურიცაა, ეს უკანონობაა და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ფუნდამენტურად უსამართლო კანონია. უცხოეთიდან შემოსავლების, და ხშირად გრანტების წყაროს შეზღუდვით, ორგანიზაციებს ვეღარ ექნებათ არამარტო საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება, არამედ ხშირ შემთხვევაში, საზგადოებრივი ინტერესების, რიგითი ადამიანების მომსახურების შანსი და არსებობის შანსსაც დაკარგავენ.
მინდა, ისევ დავუბრუნდე უნგრეთის შემთხვევას, რადგან უკვე ვთქვი, რომ ქართული კანონი უფრო უნგრეთისას ჰგავს. აქ აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ უნგრული კანონი გაიწვიეს, მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა, არღვევდა ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს. მათ კანონსაც მსგავსი კონსტრუქცია ჰქონდა: თუკი არასამთავრობოები გარკვეულ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ, უცხოეთის აგენტებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სახელიც მსგავსი ჰქონდა, ეს იყო არა აგენტების, არამედ გამჭვირვალობის კანონი.
ახლა საქმე ისევ გვაქვს მსგავს ქართულ კანონთან, ანალოგიური კონსტრუქციით, ოღონდ უკვე ვიცით, რომ მსგავსად კონსტრუირებული კანონი არღვევს რიგითი ადამიანის უფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა უფლებებს და ა.შ. ისმის კითხვა: მაშ რატომ უნდა არსებობდეს ამ ფორმის, ამ ვერსიის კანონი, როცა წინასწარ ვიცით, რომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს ამ საკითხზე დადგენილება უკვე გამოტანილი აქვს?