ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია – ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა:
„ფინალური სტადიის საკადრისი შეხვედრა იყო. ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ. თამაშის რთულ პერიოდებშიც კი მხარს გვიჭერდნენ. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაცაა. დღეს 52 წლის გავხდი და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო.
კარისკენ 22-ჯერ დავარტყით. მეტი სიზუსტე გვმართებდა, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა, რაც ვნახე. VAR-ის მიერ არჩათვლილი გოლის შემდეგ ცოტა მოვეშვით, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე.
საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. ფინალურ
სტადიაზე შემთხვევით არ ასპარეზობს“.