₾3.4 მილიონის ზარალი და ₾44.7 მილიონის შემოსავალი – როგორი იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური მაჩვენებლები დახურვამდე?

რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკა აშენდება. მთავრობამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სახელდება ის, რომ არსებული 50 წლის შენობის სტანდარტების შესაბამისად გადაკეთება და გამაგრება ხარჯთეფექტურობის კუთხით გამართლებული არაა და გადაკეთებას, თავიდან აშენება სჯობს.
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარეობს, მის საკუთრებაშია 7.7 ჰექტარი მიწა და მასზე განთავსებულია 64,168 კვადრატული მეტრის ფართობის ნაგებობებია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2022 წლის ფინანსური ანგარიშისგების მიხედვით, კლინიკამ საანგარიშო პერიოდში 44.687 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რომელიც მოიცავდა 25.6 მილიონი ლარის შემოსავალი სამედიცინო მომსახურების რეალიზაციიდან, 18 მილიონი ლარის სხვა შემოსავალს და 1.2 მილიონი ლარის გადავადებულ შემოსავალს.
2022 წელს კლინიკა ზარალზე გავიდა, რაც 3.4 მლნ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საავადმყოფოს ხარჯებს, შრომის ანაზღაურებაზე კომპანიამ 21.6 მილიონი ლარი დახარჯა, სამედიცინო საქონლის ხარჯი 14.3 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო კომუნალური ხარჯები კი 2.8 მილიონ ლარს.
2022 წლის მაჩვენებლებით, კლინიკის აქტივები 76 მილიონ ლარს შეადგენს, რაშიც ასევე გათვალისწინებულია რუხის საავადმყოფოს აქტივებიც, რადგან ის იურიდიულად რესპუბლიკური საავადმყოფოს საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის კაპიტალი 34.8 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 41.3 მლნ ლარია.
,,რესპუბლიკური საავადმყოფო’’ გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო 1973 წლიდან. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (“Academician N. Kipshidze Central University Clinic, LLC”) დაარსდა 2006 წლის 3 ივლისს. 2021 წლის 31 დეკემბრისათვის კომპანიის 100-იანი წილის მესაკუთრე არის ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“.