ამილახვრის თქმით, პედაგოგთა ხელფასის ზრდის ფორმულის დეტალები მალე გახდება ცნობილი

17 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასის დაგეგმილ ზრდაზე.
ამილახვარმა განმარტა, რომ ხელფასის ზრდა ეხება ყველა პედაგოგს, მიუხედავად დატვირთვისა, მათ შორის – ყველა სტატუსიან პედაგოგს. თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ დანამატი სტატუსის მიხედვით განსხვავებული იქნება.
„აუცილებლად სტატუსის დანამატი იქნება, რა თქმა უნდა, რანჟირებული – მენტორს მეტი ექნება, ბუნებრივია, და წამყვანს – ნაკლები. ამ ფორმულის დეტალები ძალიან მალე გახდება ცნობილი, შესაბამისი ნორმატიული აქტი შევა ძალაში და გამოქვეყნდება.
სულ ჯამში არის 52 000 მასწავლებელი, მათ 70%-ს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სრული დატვირთვა, უწევთ 500 ლარით და მეტით მატება, 800 ლარამდე.
დარჩენილ 25%-ს ექნება 300-დან 400 ლარამდე მატება, იმიტომ რომ გამომდინარეობს დატვირთვიდან, მაგრამ მხოლოდ ეს კომპონენტი ხომ არ არის – გათვალისწინებულია სტაჟი, განათლება (ბაკალავრია, მაგისტრი თუ დოქტორი), სტატუსის კომპონენტი.
რჩება მასწავლებელთა დაახლოებით 5-7%, რომლებსაც მინიმუმ 200 ლარით ყველას ეზრდება ანაზღაურება… ორი-სამი კვირა დარჩა და უკვე შვებულებაშიც კი მიიღებენ [ხელფასს] ახალი ფორმულით“, – თქვა განათლების მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, ხელფასი გაეზრდება საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს.
· „500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს;
· 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს;
· 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს;
· 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს;
· დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება“, – ვკითხულობთ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებელს შეიძლება მიენიჭოს შემდეგი სტატუსი: უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი. თითოეული მათგანის მოსაპოვებლად პედაგოგს გარკვეული საფეხურის გავლა უწევს.
13 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს, გიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლების მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის შესახებ ილაპარაკა და გაიმეორა, რომ პირველი ივლისიდან ხელფასი გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს