განათლების მინისტრი – მიმდინარეობს ძალიან აქტიური ანალიზი გუბერნატორებთან, შესაბამის სამსახურებთან, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას

მიმდინარეობს ძალიან აქტიური ანალიზი გუბერნატორებთან, რეგიონებთან, შესაბამის სამსახურებთან, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და დაახლოებით, შეიძლება, ასეთი სკოლების ნუსხა 20-დან 30-მდე იყოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის საქართველოს მასშტაბით 220 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
„მე როდესაც დავინიშნე მინისტრად, მაშინ დავპირდი საზოგადოებას, რომ ყველა არსებული ტენდერის მიმართ, რაც გამოცხადებული იყო, მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებოდით, რომ ჩვენს კონტრაქტორებს დროულად და ხარისხიანად შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულებები. სამწუხაროდ, სისტემაში ჯერჯერობით კიდევ რჩება ათამდე სკოლა, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წელი იყო გაურკვევლობაში და რიგი მიზეზების გამო ვერ ცხადდებოდა ტენდერი. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ჩვენს სისტემაში არის, დაახლოებით, 170 სკოლის მშენებლობა- რეაბილიტაცია, რომელიც, პრაქტიკულად, უხარვეზოდ მიმდინარეობს. შეიძლება ერთეული გამონაკლისები იყოს, სადაც ოდნავი ვადაგადაცილებაა, მაგრამ ჯამურად, თითქმის მთელ საქართველოში უხარვეზოდ მიდის პროცესი. დაახლოებით, 40-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ამიტომ 220 სკოლაში სამუშაოები უკვე მთელს ქვეყანაში მიდის. რაც შეეხება ახალ ფაზებს, ამის გამოცხადება, გეგმის თანახმად, იგეგმებოდა 2025 წელს, მაგრამ ვფიქრობ, ერთი ორი კვირა, მეტი არ უნდა დაგვჭირდეს, რადგან მიმდინარეობს გუბერნატორებთან, რეგიონებთან, შესაბამის სამსახურებთან ძალიან აქტიური ანალიზი, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და დაახლოებით, შეიძლება ასეთი სკოლების ნუსხა 20-დან 30-მდე იყოს. შემდგომ უკვე შესაბამისი რესურსების მობილიზებით გვინდა, რომ წელსვე გამოვაცხადოთ აღნიშნული ტენდერები თუ ამის საშუალებას მოგვცემს ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია და რესურსები. თუ არა, მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ წელს უკვე გეგმაში გვაქვს ეს. ვიცი, რომ ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, განსაკუთრებით მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, ვინც ამ სკოლებში არიან და ახლა გადანაწილებულები არიან სხვა სკოლებში, მაგრამ მათ მინდა დავპირდე, რომ აქტიურად მუშაობა მიდის ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან კარგ სიახლეებს გეტყვით თქვენც და მათაც“.- განაცხადა ამილახვარმა.