ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კვლავ საზეიმოდ აღინიშნება

ქართული ფესტივალის მეოთხე კვირა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით წარმატებით გრძელდება.
ქართული ფესტივალი, რომელიც ლევილის მამულში მეორედ აღინიშნება, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას იმართება და დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
„15 ივნისის ღონისძიებების სტუმრები ლევილის მამულში შეხვდნენ ცნობილ ქართველ მოჭიდავეებს: ნიკა ხარაზიშვილს, გიორგი ლურსმანაშვილს, გიორგი ხმალაძეს, ბაქარ ერაშვილს, მიშიკო ნოზაძეს, ნიკოლოზ გოგალაძეს, ასევე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ქართული ჭიდაობის ფალავანს, შოთა ხაბარელს, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილსა და ვიცეპრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს.
მოჭიდავეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები აჩვენეს. სტუმრებმა ასევე ნახეს საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის წევრების საჩვენებელი გამოსვლა.
ფესტივალის მასშტაბურობისა და წარმატების გამო ლევილის კარატეს კლუბმა გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა ფესტივალთან. სპორტულ ღონისძიებებს სწორედ ლევილის კარატეს კლუბის მოსწავლეები შეუერთდნენ, რომელთაც მამულში რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართეს.
მამულში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა უილიამ შექსპირის „ოტელო” (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია); შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემია „მუზის“ ლაურეატ ნინო ხოფერიასთან, რომელმაც საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო; ღონისძიების სტუმრების წინაშე წარდგა ,,იუმორინას“ მსახიობი ბესო ბერულაშვილი, რომელმაც მსმენელს სახალისო ისტორიები უამბო. გაიმართა კონცერტი საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ხონის, ამბროლაურისა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები პირველად იმყოფებოდნენ ფესტივალზე.
საზოგადოების წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“.
ლევილში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას, ოთხი ნამუშევარი: ,,ის და ღამე, გალაქტიონი”, ,,პირველი შეხვედრა ევასთან”, ,,დღევანდელობის ბავშვი” და ,,თავისუფლება”.
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა ქეთევან ბაიშვილმა და იზოლდა მელიქიშვილმა ლევილის ქართულ-ფრანგულ მემორიალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ქართული ხალხური სარკავები (ავთენტიკური ფანდური, ორენიანი სალამური და მსოფლიოში სახელგანთქმული საკრავის – პანის ფლეიტის ქართული ვარიანტი; ასევე – ,,ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო – ჰარმონიის სახელმძღვანელო“ (ავტორი მალხაზ ერქვანიძე) და ბოლო დროს გამოცემული ქართული ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა.
ყველა ღონისძიება მსმენელისა და მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს”, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.