საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ საფრანგეთში 30 ივნისს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი “უკიდურესობებისა და უთანხმოების გამომწვევი იდეების წინააღმდეგია” და გაგიხარდება საფრანგეთის ისტორიის “გადამწყვეტ მომენტში” არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტთან ვართ. უნდა იცოდე, როგორ დააბალანსო საკითხები და პრიორიტეტების განცდა გქონდეს”. – თქვა მბაპემ.
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის თქმით, “ჩვენ [ფეხბურთელები] უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები ვართ […] არ უნდა ვიყოთ მოწყვეტილები ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსგან, და ეს უფრო ნაკლებად უნდა მოხდეს, როდესაც საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება”.
მბაპემ ასევე განაცხადა, რომ მას სურდა, ახალგაზრდები იმაში დაერწმუნებინა, რომ არჩევნებზე მათ ხმებს ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. “დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ექსტრემისტები ძალიან ახლოს არიან ძალაუფლების მოპოვებასთან და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ. ამიტომ, ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, ხმის მისაცემად გამოვიდეს და რეალურად გააცნობიეროს ვითარების მნიშვნელობა”. – განაცხადა მან.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d’Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და 30 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 7 ივლისს არის დაგეგმილი.
მბაპემ საფრანგეთის მოსახლეობას, და “განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს”, მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად გამოვიდნენ. მისი თქმით, საფრანგეთმა თვითიდენტიფიცირება “მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და პატივისცემის ღირებულებებით” უნდა შეძლოს.
“ვიმედოვნებ, რომ 7 ივლისის შემდეგ ამ [ეროვნული ნაკრების საფეხბურთო] მაისურის ჩაცმით კვლავ ვიამაყებ”. – განაცხადა მბაპემ.