მშვიდობის გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკეს პროექტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელიც დოკუმენტის პროექტის ტექსტს გაეცნო.
„კერძოდ, ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას ვადასტურებთ. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ყველა სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
პროექტი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას ითვალისწინებს.
„ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეკლარაციის პროექტი რუსეთს სურსათის უსაფრთხოების იარაღად გამოყენების შეწყვეტისკენ და პორტებში კომერციული გემების თავისუფლად და უსაფრთხოდ დაშვების აღდგენისკენ მოუწოდებს.
ასევე, პროექტი სრული გაცვლის გზით ყველა პატიმრის გათავისუფლებასა და ყველა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას მოითხოვს.