6 თვიანი პაუზის შემდეგ უელსის პრინცესა პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული, 15 ივნისს პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე. მან ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილ ცერემონიალში და ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა.
უელსის პრინცესას საჯარო ცხოვრებიდან გაუჩინარების მიზეზი მისი სამედიცინო დიაგნოზი იყო – 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის.
საჯაროდ გამოჩენამდე ქეით მიდლტონმა პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც მადლიერება გამოთქვა იმ მხარდაჭერის გამო, რაც მან ხალხისგან მიიღო მისი დიაგნოზის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ და თქვა, რომ მკურნალობის პროცესი კარგი პროგრესით მიდის. ამ პოსტში პრინცესამ აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, თუმცა იმედი აქვს რომ ზაფხულის განმავლობაში კიდევ შეძლებს მონაწილეობას სხვა საჯარო ღონისძიებებშიც.
“ქიმიოთერაპიამ მაჩვენა, რომ არის კარგი დღეები და ცუდი დღეები. ცუდ დღეებში დაღლილი ხარ, სუსტი და შენს სხეულს დასვენების შესაძლებლობა უნდა მისცე. კარგ დღეებში კი, როცა უფრო ძლიერად გრძნობ თავს, გინდა მაქსიმალურად გამოიყენო დრო. ასეთ დღეებში სასიამოვნოა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, დროის გამოყენება იმ საქმეებისთვის, რაც ენერგიას და დადებით ემოციებს მაძლევს.
მე ვსწავლობ, როგორ ვიყო მომთმენი, მით უფრო გაურკვევლობაში. ვიღებ ყოველ დღეს ისეთს, როგორიცაა, ვუსმენ ჩემს სხეულს და თავს უფლებას ვაძლევ გამოჯანმრთელებისთვის გამოვიყენო იმდენი დრო, რამდენიც მჭირდება” – დაწერა ქეით მიდლტონმა 14 ივნისს.
ფორუმი