სააპელაციომ ბაბაევის საქმეზე ერთი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად ცნო

დღეს, 14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი, რომლითაც პროკურატურამ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. აქტივისტი სოსო ბაბაევი სწორედ დარბაიძის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ.
დღეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მიიღო, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
გორელი ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი 4 ივნისს ღამით დააკავეს. ბაბაევის თქმით, დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები — ის იარაღები, რომელიც, -ს ვერსიით, ბაბაევის ჩხრეკისას ამოიღეს და რასაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ მიეცა და ბაბაევი გაათავისუფლეს.
სოსო ბაბაევის ადვოკატი კახა კალმახელიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს.
„სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი. ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ. ანუ ერთი იარაღი, რომელიც პირადი ჩხრეკისას ამოუღეს, უკანონოდ იქნა ცნობილი და კანონიერად იქნა ცნობილი იმავე პოლიციელების მიერ, იმავე დროს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკა. წარმოიდგინეთ, რამხელა ნონსენსია. რაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ პირადი ჩხრეკა არაკანონიერად იმიტომ ცნო, რომ ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია, მნიშვნელოვანი შინაარსია ჩამატებულიო. იმავე პოლიციელებმა რომ ავტომანქანა გაჩხრიკეს, ეს კანონიერი ყოფილა. თქვენთვის მომინდვია ახლა ამის განსჯა. ბრალის წარდგენის საფუძველი არსებობს. დანარჩენი გამოჩნდება“ ,— ეუბნება ნეტგაზეთს სოსო ბაბაევის ინტერესების დამცველი ადვოკატი.
4 ივნისის მოვლენები და სოსო ბაბაევის ისტორია ვრცლად წაიკითხეთ აქ:
„ყელში ვეჩხირები ამ რუსულ ძალას და არ მომეშვებიან“ — სოსო ბაბაევის ისტორია

ასევე დაგაინტერესებთ