უწყება აცხადებს, რომ გმობს ძალადობას, ამასთან აღნიშნავს, რომ მათთის მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი და მზადაა სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის.
“სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო. ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მყისიერად გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები.
[…] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით საუბარს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში შედეგზე ორიენტირებული შეხვედრისთვის”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
უწყება, ასევე ბალდის კანიონის პროექტის დადებით ეფექტებს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნაა. ამასთან, კანიონის მოწინააღმდეგე ადამიანებს “დესტრუქციულ ქმედებებში” ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ რამდენჯერმე ჩაშალეს საინფორმაციო შეხვედრა:
“ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს: მათ ჩაშალეს არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ქალაქ მარტვილში საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასთან სასაუბროდ იყო ჩასული; გზა გადაუკეტეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ; ადგილზე არ შეუშვეს ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, რის შედეგად კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი”.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ, გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისს, ღამე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – დაჭრილი არიან ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, ისინი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან.
მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები, გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წელია მოითხოვენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას.
ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ძმები ხურცილავები კომპანია „კანიონ 350”-თან დაახლოებული პირები არიან და კომპანიის ხელმძღვანელობის წაქეზებით მოქმედებდნენ.
2022 წელს, სახელმწიფომ „კანიონ 350“-ს იჯარით გადასცა ბალდის კანიონი, იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თითქმის ერთი წელია მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიას კანიონი 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა.
მშენებლობის მოწინააღმდეგეები 2023 წლის 24 ოქტომბრიდან ღამეს კარავში ათევენ. ისინი არსებული პროექტის შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. ირწმუნებიან, რომ ბალდის მცხოვრებთ კანიონზე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.
თავის მხრივ, ინვესტორი აცხადებს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა.
კომპანია „კანიონ 350“-ის ხელმძღვანელის გიორგი მერკვილაძის თანახმად, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მერკვილაძე მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება სურთ იმ მიზნით, რომ შემდეგ თავად მიიღონ ფინანსური სარგებელი. ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს იჯარით 2022 წელს გადასცა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. პროექტის წინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შედეგად ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მისი „ჩაბეტონება“ მოხდება. საპროტესტო აქციების გამო ბალდის კანიონზე მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
