„საქართველოს კაპიტალმა“ „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ საერთაშორისო აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენა

„ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა“ და კომპანიის წილის 70%-ის მფლობელ სს „საქართველოს კაპიტალს“ შორის სამართლებრივი დავა სულ უფრო მწვავდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციის გაუქმებისა და, ზოგადად, რეპუტაციის საკითხი. ამ პრობლემის თავი და თავი სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ კომპანიის წილის 70%-ის სანაცვლოდ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობა და ახლა უკვე სკოლის დამფუძნებელი პარტნიორის დირექტორის თანამდებობიდან ჩამოშორების მცდელობა გახდა.
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნათია ჯანაშია ინვესტორ სს „საქართველოს კაპიტალს“ სასამართლოში ედავება. სკოლის 70%-იანი წილის ნასყიდობა 2019 წლის მაისში იმ მიზნით გაფორმდა, რომ ინვესტორი დააფინანსებდა სკოლის სწრაფ განვითარებას. ეს კი ნიშნავდა ლისზე და ოქროყანაში ორი ახალი კამპუსის მშენებლობას. ფაქტი ის არის, რომ კომპანიაში შესვლის შემდეგ „საქართველოს კაპიტალს“ სკოლის განვითარებაში ინვესტიცია საერთოდ არ ჩაუდია.
ამის შემდეგ, უკვე მიმდინარე წელს, ინვესტორმა დღის წესრიგში დააყენა სკოლის დირექტორის, ამავე დროს დამფუძნებლისა და წილის 30%-ის მფლობელის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გადაყენებისა და საკუთარი კანდიდატურის დანიშვნის საკითხი. ამ ყველაფრის თავიდან არიდება სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი. ახალი კანდიდატის იძულების წესით დანიშვნა, მით უმეტეს მისი დაუდგენელი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, დიდ რისკებს შეიცავს სკოლის, მოსწავლეებისა და, ზოგადად, სწავლების ხარისხის მიმართულებებით.
თუ რა არის ეს რისკები, რა საფრთხეები ექმნება სკოლას ინვესტორის ასეთი განზრახვებით, ამ საკითხზე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ (BGA) აღმასრულებელ ხელმძღვანელსა და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ (BIST) აკადემიურ დირექტორს, ბატონ სტივენ პრისტს ვესაუბრეთ.
– რაც შეეხება საერთაშორისო აკრედიტაციას, როდის დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და რას ნიშნავს ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) აკრედიტაცია/წევრობა BIST-ისა და BGA-ისთვის?
– BIST ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) 2015 წელს შეუერთდა. ეს საბჭო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა ბრიტანული საერთაშორისო სკოლებისთვის მთელ მსოფლიოში. 2019 წელს, COBIS-ის აკრედიტატორების ვიზიტის შემდეგ, BIST-ს მიენიჭა COBIS-ის აკრედიტაცია. 2023 წელს BIST-მა წარმატებით გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და სამაგალითოდ იქნა აღიარებული სკოლის მართვის კომპონენტში. ასევე 2023 წელს BGA-მ მოიპოვა COBIS-ის საერთაშორისო ოჯახის ოფიციალური წევრის სტატუსი. COBIS-ის წევრობა გლობალურ დონეზე განათლების მაღალი ხარისხის სტანდარტის მაჩვენებელია. COBIS ჩვენს სკოლებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას სთავაზობს , მათ შორის კონტაქტებს, კონსულტაციებსა და მარკეტინგულ შესაძლებლობებს. COBIS-ის წევრობა სკოლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის პერსონალის პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს. მაგალითად, კონფერენციები, ვებინარები და სემინარები ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და სწავლას. გარდა ამისა, COBIS-ის წევრობა ჩვენი მოსწავლეებისთვის მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობებს იძლევა.
– რამდენად რეალურია სკოლისთვის COBIS აკრედიტაციის დაკარგვა მოქმედი დირექტორის შეცვლის შემთხვევაში?
– COBIS-ის წევრის სტატუსის შესანარჩუნებლად, სკოლებმა უნდა დაიცვან ორგანიზაციის მიერ დადგენილი გარკვეული სტანდარტები. ეს სტანდარტები მოიცავს ლიდერობის, მენეჯმენტისა და განათლების სხვადასხვა ასპექტს. რაც მთავარია, სკოლებმა უნდა აჩვენონ გამჭვირვალობა ორგანიზაციის მართვისა და დასაქმების პრაქტიკაში. ეს მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ სკოლის ლიდერებს, მათ შორის დირექტორს, აქვთ სათანადო კვალიფიკაცია განათლების დარგში, იცნობენ უსაფრთხო დასაქმების პროტოკოლებს და ფლობენ ცოდნას ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ. თუ მოქმედი დირექტორის გადაყენება და ახალი დირექტორის იძულების წესით დანიშვნა დასაქმების სათანადო პროცედურების, მათ შორის კანდიდატების მონაცემების სათანადო შემოწმების გარეშე განხორციელდება, ეს ვერ დააკმაყოფილებს COBIS-ის სტანდარტებს გამჭვირვალობისა და უსაფრთხო რეკრუტირების თვალსაზრისით.
– კონკრეტულად რომელი COBIS სტანდარტები დაირღვევა ინვესტორის მიერ სკოლის დირექტორის ჩანაცვლების შემთხვევაში?
– COBIS აყალიბებს რიგ სტანდარტებს, რომლებიც წევრმა სკოლებმა უნდა დაიცვან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს ორი ძირითადი სტანდარტი, ხუთი ქვესტანდარტით, რომლებიც შესაძლოა დაირღვეს. ეს სტანდარტები მოიცავს უსაფრთხო დასაქმებასა და უსაფრთხოების დაცვას (სტანდარტი 1) და სკოლის მმართველობას (სტანდარტი 4). სკოლის მმართველი ორგანო, ბრიტანული თვალსაზრისით, გულისხმობს აკადემიური მმართველი გუნდის ზემოთ არსებულ ხელმძღვანელობის სტრუქტურას. COBIS-ის სტანდარტი 1A-ის შესაბამისად, სკოლის დასაქმების პოლიტიკა არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უზრუნველყოფს შესაბამისი აკადემიური და არააკადემიური პერსონალისა და მოხალისეების დანიშვნას. შესაბამისად, ახალი დირექტორის სათანადო რეკრუტირების პროცედურებისა და შემოწმების გარეშე დანიშვნა ამ სტანდარტის დარღვევაა. COBIS-ის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია, ყველა პოზიცია, მათ შორის დირექტორის თანამდებობა, დაკომპლექტდეს გამჭვირვალედ, ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების, პროფესიული რეკომენდაციებისა და კვალიფიკაციის შემოწმების და ა.შ. საფუძველზე. გარდა ამისა, 1B სტანდარტის მიხედვით, სკოლის პერსონალის ყველა წევრი, მათ შორის მოხალისეები, უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტებს. დირექტორებმა უნდა გაიარონ COBIS-ის ან/და უსაფრთხოების დაცვის ალიანსის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები. ანალოგიურად, სტანდარტი 4A ხაზს უსვამს, რომ მმართველი ორგანოს დონეზე პერსონალი ასევე უნდა იყოს სათანადოდ გადამზადებული და რეკრუტირების გამჭვირვალე პროცედურების დაცვით დანიშნული. გარდა ამისა, სტანდარტი 4D მოითხოვს შესაბამის ინდუქციას ახალი ხელმძღვანელისთვის, რათა უზრუნველყოს, რომ იგი სრულად იყოს ინფორმირებული უსაფრთხოების დაცვის, პერსონალის უსაფრთხო დაქირავებისა და სკოლის პროცესების შესახებ. დაბოლოს, 4F სტანდარტი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მმართველი ორგანო ან პარტნიორები ვერ უზრუნველყოფენ რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებული შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების ჩანაწერების წარმოდგენას წერილობითი ფორმით. შეხვედრების ოქმები და გადაწყვეტილებები წერილობითი ფორმით უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.
– რამდენად დაზარალდება სკოლა, თუ ის დაკარგავს COBIS-ის აკრედიტაციას დირექტორის შეცვლის გამო?
– ბრიტანულ საერთაშორისო სკოლებსა და საქართველოს განათლების სექტორში დიდი გამოცდილების მქონე დირექტორის დაკარგვა ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი უკუსვლა იქნება. ამ შემთხვევაში სკოლა სრულად დაკარგავს მმართველობის ერთ დონეს, რომლის საფუძველზეც მან აღიარება მოიპოვა. გარდა ამისა, COBIS-ის წევრობის დაკარგვა სკოლას ართმევს წვდომას COBIS-ის წევრებისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან სერვისებსა და კონსულტაციებზე. COBIS-ის გარეშე სკოლას აღარ ეყოლება ერთგვარი დამცველი გლობალურ არენაზე. გარდა ამისა, სკოლა ვერ შეძლებს საჭირო რაოდენობის სათანადო კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლების მოზიდვას იმ სანდოობის გარეშე, რომელსაც უზრუნველყოფს COBIS-ის წევრობა. მეტიც, რთული იქნება ამჟამინდელი და მომავალი მშობლებისთვის იმის დემონსტრირება, რომ სკოლა იცავს COBIS-ის სტანდარტებს აკადემიურ და ბავშვზე ზრუნვის საკითხებში.
– რამდენადაც ვიცით, COBIS-მა მოგაწოდათ ოფიციალური განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. რა ნაბიჯებია მოსალოდნელი ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოსგან მოვლენების არასასურველი განვითარების შემთხვევაში?
– თუ სკოლა კარგავს წევრობას სტანდარტების დარღვევის გამო, მან უნდა უზრუნველყოს ამ საკითხების მოგვარება და სტანდარტებთან შესაბამისობის აღდგენა. იმ სცენარში, სადაც სკოლაში გამჭვირვალობის გარეშე, იძულების წესით ინიშნება ახალი დირექტორი, სკოლამ არსებითად თავიდან უნდა დაიწყოს დირექტორის რეკრუტირების პროცესი. ეს ნიშნავს ვაკანტური პოზიციის გამოქვეყნებას, გასაუბრებების ჩატარებას, კანდიდატების შემოწმებას და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლად დანიშნული დირექტორი უნდა მოიხსნას თანამდებობიდან და ახლიდან უნდა დაიწყოს რეკრუტირების პროცესი.
(NS)