სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 5 წლიანი სასამართლო დავა შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს“ მოუგო. მოპასუხე მხარეს დაევალა აღიაროს და საჯაროდ უარყოს KTW ჯგუფის მიმართ 2019 წელს გამოქვეყნებული ცილისმწამებლური, პატივის, ღისებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება.
2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ presa.ge-ზე (დირ. გიორგი კაპანაძე) გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“. ყველასთვის ნათელია, რომ ინტერნეტ პორტალს პოლიტიკური სარჩულის მატარებელი მიზნები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაცია იმთავითვე ცრუ იყო და შესაბამისად, KTW ჯგუფმა იმავე წელს მიმართა სასამართლოს.
დავა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოპასუხე მხარე არაერთხელ ეცადა პროცესის პოლიტიზირებას, თუმცა, ვერ შეძლო უსაფუძვლო ბრალდებების მტკიცებულებებით გამყარება, რადგან ეს უკანასკნელი ფიზიკურად ვერ იარსებებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაარსების დღიდან, KTW ჯგუფი ინვესტიციებს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებას ავითარებს. ქმნის სამუშაო ადგილებს და ხალხის ინტერესებს ემსახურება. რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ძლიერი ეკონომიკის ფუნდამენტალური საფუძველია. არამცთუ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ არც ერთი პრემიერი და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირი, არ ყოფილა და ვერასდროს იქნება ჩარეული კომპანიის საქმიანობაში. კატეგორიულად ვგმობ ბიზნესის პოლიტიზირებას. ბიზნესმა – თავისი, ხოლო, პოლიტიკამ კი, თავისი საქმე უნდა აკეთოს. ეს არის სახელმწიფოს სწორად განვითარების ერთადერთი გზა.
პატივი და ღირსება ღირებულებებს შორის უპირატესია და იგი ყოველგვარ კეთილდღეობაზე მაღლა დგას. დღევანდელმა გამარჯვებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ ამიტომ, არავის მივცემთ უფლებას შეეცადოს ყალბი განცხადებებით ჩირქი მოსცხოს ჩვენს საქმიან რეპუტაციას“, – ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.
KTW ჯგუფი კომპანიისა და ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნების თითოეულ თანამშრომელს ულოცავს ამ გამარჯვებასა და უსაფუძვლოდ შელახული პატივისა და ღირსების სამართლებრივი გზით აღდგენას. პატივისა და ღირსების საქმე მოგებულია! ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მართლმსაჯულება ყოველთვის იდგება სიმართლისა და ჭეშმარიტების მხარეს.
(R)