ილია დარჩიაშვილი – ჩვენ დაინტერესებულნი ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით – მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
„ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩაისვილმა.
დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ყველა დარჩენილი საკანონმდებლო პაკეტი.
„საქართველო მყარად და მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას”, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დარჩიაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას”, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ