ლევან დავითაშვილმა სლოვაკეთის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის და IT სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა და სლოვაკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა – პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ სურათზე ისაუბრეს და მათი ზრდა/განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
„ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე, ასევე განვლილ პერიოდში უკვე მიღწეულ შედეგებზე. სლოვაკეთიდან საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა როგორც ტურიზმის, ისე გართობის სფეროში – ამ სექტორებში 2012 წლიდან დაახლოებით 100 მლნ ევროზე მეტია ინვესტირებული „ჯინო ჰოლდინგის” და სლოვაკეთის „ექსიმ ბანკის” მიერ. დღეს საუბარია იმაზე, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მან მოიცვას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, IT მიმართულებები – ამ კუთხით კონკრეტული გეგმები დავსახეთ. ასევე შეთანხმება შედგა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კომისიის აღდგენაზე, რაც იქნება ფორმალური პლატფორმა, რათა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ სხვადასხვა ეკონომიკური პროექტი”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილე დენისა საკოვას გარდა ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ერიკ ტომაში, სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი და „ექსიმ ბანკის” ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკში.
ვიზიტის მიმდინარეობისას სლოვაკეთის დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ „ჯინო ჰოლდინგის” პროექტების პრეზენტაციას, რომელიც საქართველოში უმსხვილესი სლოვაკური საინვესტიციო პროექტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფოლიო სტუმარმასპინძლობის და ენერგეტიკულ სექტორებში. ამასთან, „ჯინო ჰოლდინგს” წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს სლოვაკურ „ექსიმ ბანკთან” – მისი პროექტები რეგულარულად სარგებლობს ბანკის მხარდაჭერით.
საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას სლოვაკეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რომელიც სლოვაკეთს შეუძლია საქართველოს გადასცეს ევროკავშირში უფრო სწრაფად და ეფექტიანად ინტეგრირების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან სლოვაკეთის მთავრობამ საქართველო ბენეფიციარი ქვეყნების პრიორიტეტულ სიაში შეიყვანა და „საპროგრამო ქვეყნის” (programme country) სტატუსი მიანიჭა. პრიორიტეტული სტატუსი სლოვაკეთმა საქართველოსთვის 2024 წელსაც გააგრძელა, რაც სხვადასხვა დახმარების პროექტების დაფინანსების პროცესის გამარტივებას გულისხმობს. სლოვაკეთის დახმარების მიზანი საქართველოში სხვადასხვა დარგობირივი რეფორმების გატარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
მზარდი დინამიკით ხასიათდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები – 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა სლოვაკეთთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 27.75 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.პოზიტიური დინამიკაა ტურიზმის სექტორშიც – სლოვაკეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით – ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და ა.შ.