რუსეთი 2028 წლისთვის დაახლოებით 1 ტრილიონი რუბლის (11,3 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას გეგმავს ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობების მოდერნიზებაში. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
„იგეგმება საწვავის წარმოებისთვის 50 ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამოქმედება და რეკონსტრუქცია. 2028 წლისთვის ჩვენ ველით, რომ ინვესტიციები ინდუსტრიაში დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს შეადგენს“, – აღნიშნა ნოვაკმა.
მისი თქმით, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოება წელიწადში, შესაბამისად, 4 მილიონი ტონით და 30 მილიონი ტონით გაიზრდება.
ახალი და მოდერნიზებული სიმძლავრეების შექმნაზე საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმების მექანიზმი ეხება ნავთობქიმიური სინთეზის მწარმოებლებსაც.
„უკვე გაფორმებულია ხუთი საინვესტიციო ხელშეკრულება. ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 2030 წლისთვის დაგეგმილია 3-3,5 ტრილიონი რუბლით (39 მილიარდი დოლარი)“, – განაცხადა მან.
მისი განმარტებით, რუსეთის ნავთობქიმიურ სექტორში 2022-იდან 2027 წლამდე განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, სავარაუდოდ, 800 მილიარდი რუბლი (9 მილიარდი დოლარი) იქნება.