შვეიცარიის პრეზიდენტის, ვიოლა ამჰერდის თქმით, ქვეყანაში 15-16 ივნისს გასამართ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა 90-მდე ქვეყანამ და ორგანიზაციამ განაცხადა.
ამჰერდის თქმით, მონაწილეთა დაახლოებით ნახევარი ევროპიდან იქნება. სამიტზე ქვეყნების უმეტესობას მათი უმაღლესი ლიდერები წარმოადგენენ, ნაწილი კი თავის დელეგაციას გაეროს წარმომადგენლებით დააკომპლექტებს.
შვეიცარიის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობის მისაღებად 160-მდე ქვეყანას გაუგზავნეს მოწვევა. მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ სამიტზე დასწრების სურვილს 100-ზე ნაკლები ქვეყანა გამოთქვამდა.
სავარაუდოდ, შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავლენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ს წარმომადგენელი სამიტზე ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.
რუსეთმა და ჩინეთმა სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, გაგზავნიან თუ არა შვეიცარიაში თავიანთ დელეგაციებს თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.
უცნობია, მიწვეულია თუ არა სამიტზე საქართველო და მიწვევის არსებობის შემთხვევაში, აპირებს თუ არა ქართული ოცნების მთავრობა შვეიცარიაში დელეგაციის გაგზავნას. ტაბულა საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.