ბრიტანული გამოცემა The Times-ის გერმანულ ტაბლოიდზე, Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და გერმანია მართავენ საუბრებს, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.
როგორც მედია წერს, ორი ქვეყანა და უკრაინის მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდამჭერები შეიარაღების მიწოდებას სპეციალურად აჭიანურებენ, რათა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიახვედრონ, რომ კონფლიქტი ახლა “გაყინულია”.
როგორც The Times-ი ხაზს უსვამს, გასულ კვირაში აშშ-ს მისიამ NATO-ში X-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონი “გააგრძელებს [უკრაინის] დახმარებას, რათა მოლაპარაკებების მაგიდაზე საუკეთესო შესაძლო პოზიციაში იყოს, როცა [მოლაპარაკების] დრო მოვა” (თუმცა, მსგავსი სიტყვები 2023 წლის აგვისტოში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზეც ითქვა). ამას გარდა, ეწერა: “ჩვენ ფოკუსირებული ვართ სამართლიანი, გამძლე და შენარჩუნებადი მშვიდობის პირობების შემუშავებაზე”.
როგორც შემდეგში განმარტეს, აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინის ბრძოლა, დაიბრუნოს ტერიტორიები, “გამარჯვებადია”, თუმცა, როგორც ბრიტანული მედია აღნიშნავს, წინა სიტყვებმა გაზარდა სპეკულაციები, რომ “ომის გადაღლის” ფონზე, კიევის მხარდამჭერები ცდილობენ ომის დასასრულებელი გზა გამონახონ. მედია ხაზს უსვამს, რომ რამდენიმე კვირის წინ იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რუს პრანკერებთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ “ყველა მხარეს დაიღალნენ” და “ახლოვდება მომენტი, როცა ყველა გაიგებს, რომ გამოსავალი არსებობს”.
გერმანული ტაბლოიდი Bild-ის ცნობით, მათთან საუბრისას გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ ახლა მიზნად დასახულია ჩააყენონ უკრაინა “მოლაპარაკებებისთვის სტრატეგიულად მომგებიან პოზიციაში”, საიდანაც კიევს შეეძლება კრემლთან “სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე” საუბარი.
“თეთრ სახლსა და [გერმანიის] კანცლერის ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. თავად ზელენსკი გარედან მოთხოვნების გარეშე უნდა მიხვდეს, რომ ვეღარ გაგრძელდება. თავის მხრივ მან უნდა შეხედოს თავის ხალხს და აუხსნას მათ, რომ საჭიროა მოლაპარაკებები… რასაც ბერლინი და ვაშინგტონი მოლაპარაკებების ალტერნატივად მოიაზრებენ, არის გაყინული კონფლიქტი მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე”. – თქვა Bild-თან ანონიმურმა წყარომ.
როგორც თეთრ სახლში განმარტეს, Bild-ის ცნობა ადმინისტრაციის შეხედულებებს სწორად არ გადმოსცემდა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად”. – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ადრიენ უოტსონმა.
გერმანიის მთავრობის სპიკერმა კი თქვა, რომ ომის მიზნები კიევმა უნდა გადაწყვიტოს. “გერმანია მყარად დგას უკრაინის გვერდზე”, – თქვა მან. “ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ რუსეთის თავდასხმისგან თავდაცვაა საჭირო”, – დაამატა მაღალჩინოსანმა.