ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს – მის ადგილს თინა ბოკუჩავა დაიკავებს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლებს – ამის შესახებ ხაბეიშვილის მიერ გამართული პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი.
პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, თინა ბოკუჩავას კანდიდატურას კი “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას რამდენიმე დღეში წარუდგენს.
“სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებული მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება, და იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, 2-3 თვის განმავლობაში აკრძალული მაქვს რეჟიმში მუშაობა. ვერ მივცემ თავს უფლებას, როდესაც არჩევნებამდე სულ 3-4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს 24-საათიან მუშა რეჟიმში და, შესაბამისად, ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით და თინასთან [ბოკუჩავა] კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება.
რამდენიმე დღეში მოვიწვევ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე, ყრილობას მინდა, შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ვფიქრობ, პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური, რუტინული მუშაობა და შესაბამისად, ცხადია, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პრესკონფერენციას თავად თინა ბოკუჩავაც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს პარტიის საარჩევნო გეგმების შესახებ არ ისაუბრებდა, თუმცა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაერთიანებული ოპოზიციის მნიშვნელობას მომავალ არჩევნებში.
“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები: ს უკანა ეზოში თუ ევროპულ საქართველოში. ღრმად მწამს, რომ ამ არჩევანში ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი, რომელიც არ ეგუება საქართველოს გარუსებას, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ენმ-ის თავმჯდომარედ 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მისი თქმით, თავმჯდომარის ცვლილება ფორსმაჟორითაა გამოწვეული და, მიუხედავად ამისა, 2025 წელს პარტიის შიდა არჩევნები მაინც ჩატარდება.