,,რუსთავის აზოტი” ახალი პროდუქტის წარმოების პროექტზე მუშაობს – ინვესტიცია $65 მლნ-მდეა

“რუსთავის აზოტი” წარმოებული პროდუქტების კალათას ავითარებს და დაახლოებით 2 წელიწადში ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოებას აანონსებს. 65 მლნ დოლარამდე ღირებულების პროექტზე წარმოების მმართველი კომპანია “ინდორამა კავკასუსის” აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ლევან ბურდილაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტების დივერსიფიკაცია კომპანიას წლის განმავლობაში გაყიდვების უწყვეტობას შეუწყობს ხელს. ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოებისთვის კი “რუსთავის აზოტის” მფლობელი მულტი-ნაციონალური კონსორციუმი Indorama Corporation-ი 60-65 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს.
“ამონიუმის ნიტრატი სოფლის მეურნეობის გარდა ინდუსტრიულ წარმოებაშიც გამოიყენებება, კერძოდ სამთმოპოვებით სამუშაოებში. კომპანიებს რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ ამონიუმის ნიტრატი იმისთვის სჭირდებათ, რომ კარიერებზე აფეთქებითი სამუშაოები აწარმოონ. ამ მხრივ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და კონტრაქტი ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან გავაფორმეთ. დაახლოებით 2 წელიწადში ჩვენ ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოება გვექნება. ეს იგივე ამონიუმის ნიტრატია, თუმცა უფრო დაბალი სიმკვრივის და უფრო ეფექტური საშუალებაა, რომ სამთო-მომპოვებელმა კომპანიებმა აწარმოონ ეს სამუშაოები კარიერებზე.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აზოტოვანი სასუქებისგან განსხვავებით, ეს სეზონური პროდუქტი არ არის. ამონიუმის ნიტრატის გაყიდვები, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოიყენება, სეზონურია და მოთხოვნაც პროდუქტზე ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზეა. ფოროვანი ამონიუმის ნიტრატი კი კარიერებზე წლის ნებისმიერ სეზონზე გამოიყენება. შესაბამისად, ახალი პროდუქტის წარმოებით გაყიდვების დაბალ სეზონებს დავაბალანსებთ.
ჩვენი წარმადობა 0.5 მლნ ტონა ამონიუმის ნიტრატია. ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ 200 000 ტონა იქნება ფოროვანი ამონიუმის ნიტრატი და ამ პროექტით ჩვენი წარმოების დივერსიფიკაციას ვახდენთ. ეს ჩვენს წარმადობას არ გაზრდის, თუმცა ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს”, – აცხადებს ლევან ბურდილაძე და იმ საექსპორტო მიმართულებებზე საუბრობს, სადაც საქართველოში წარმოებული პროდუქტი გაიყიდება: “ს მიმართ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე საერთაშორისო ბაზარზე გამოთავისუფლდა ადგილი ფოროვანი ამონიუმის მიწოდების კუთხით. გვინდა, ვისარგებლოთ ამ დროით და დავიკავოთ ეს ბაზრები. ეს არის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, სადაც ოქროს და სხვა ძვირფას ლითონებს მოიპოვებენ, ეს არის შუა აზიის ქვეყნები, თურქეთი და აფრიკის ქვეყნები”.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ამონიუმის ნიტრატზე ფასების შემცირების გამო, “რუსთავის აზოტის” შემოსავალი ამ დროისთვის 50%-ით არის შემცირებული. “ინდორამა კავკასუსის” აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, რუსთავის აზოტი” საქონლის ექსპორტს თვითღირებულების ზღვარზე ახორციელებს. თუმცა მიუხედავად ამისა ინვესტორი წარმოების მოდერნიზებას და განვითარებას აგრძელებს.
bm.ge