სტუდენტს, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-სთან აქცია დაგეგმა, თავს დაესხნენ

სტუდენტური მოძრაობის – “თავისუფლებისთვის” წევრს, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მოხდა. როგორც მანაგაძე ამბობს, ის უნივერსიტეტის ეზოდან გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, რა დროსაც თავის არეში რაღაც ჩაარტყეს.
“გამოვდიოდი თსუ-ს ეზოდან. ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდი და უკნიდან ვიგრძენი რაღაცის ჩარტყმა. არც დამინახავს. რომ შევბრუნდი, მეც შევუბრუნე ხელი, ბუნებრივია. ჩანთა დაუვარდა [თავდამსხმელს], ის ჩანთაც ავიღე და ვცდილობდი თავდასხმას. მერე მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე … ალყაში ვიყავი, არც მახსოვს რამდენი იყვნენ”, – ამბობს ნიკო მანაგაძე.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა თსუ-ს ლექტორი, მაგდა მემანიშვილი. მის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მანაგაძეს ჭრილო თავის არეში აქვს მიყენებული და სისხლი მოსდის. მისივე ინფორმაციით, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ პარტია “დროას” წევრები. მათ მიერ გადაღებულ კადრებში, სავარაუდოდ, ჩანს სამი თავდამსხმელი.
21 წლის სტუდენტი ნიკო მანაგაძე ერთ-ერთი ორგანიზატორია საპროტესტო აქციებისა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად იმართება. სტუდენტები ამ ფორმით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ რუსულ კანონს.
აქცია დაგეგმილია ხვალაც, 8 მაისს, დილის 9 საათზე.
“ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და “კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს ზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების.
მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა – არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში რომლის ორგანიზატორი სწორედ ნიკო მანაგაძეა.
ის თავდასხმამდე საზოგადოებას მოუწოდებდა, შეერთებოდნენ აქციას, რადგან “წინა შემთხვევები, როცა ტიტუშკების საშუალებით შეძლო გასწორებოდა ჩვენს თანამებრძოლებს, აჩვენებს ჩვენი სიმრავლის მნიშვნელობას!”
ეს არ არის ნიკო მანაგაძეზე თავდახმის პირველი შემთხვევა. სტუდენტური მოძრაობის ლიდერს უნივერსაიტეტის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ 20 აპრილსაც. როგორც მანაგაძე მაშინ ამბობდა, მას თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ირაკლი ს “რუსეთის მონა“ დაუძახა.
ამავე თემაზე:
· თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები ამბობენ, რომ კობახიძის მხარდამჭერები თავს დაესხნენ
· თსუ-ს II კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს