საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.
ფრანგულ “მეცთან” ერთად საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს გაინბერგში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა კვერკველია გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ისაუბრა.
საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგ ადგილას ვემზადებით. გუნდში მშვენიერი გარემოა და სრულად ვართ მოტივირებულები. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
პირადად
ჩემთვის საკლუბო დონეზე ახლა შუა სეზონია, ბევრი მატჩი ჩავატარე და კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებით ტურნირისთვის და ველოდებით ჯგუფურ ეტაპს. ნაკრები ერთი ოჯახია, უკვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ვარჯიშებზეც ჩანს ჩვენი განწყობა, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ შენიშვნების თუ გამხნევების სახით. ეს ყველაფერი ეხმარება გუნდს.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ მოლოდინი დიდია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ერთნაირი ემოციით ველოდებით ევროპის ჩემპიონატს”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00
nakrebi.ge