ნატოს გენერალი: მუშავდება ლოგისტიკის სათადარიგო მარშრუტები რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევისთვის

ბრიტანეთის გაზეთი Telegraph-ი ესაუბრა ნატოს ერთობლივი ლოგისტიკური და დამხმარე სარდლობის მეთაურს, გერმანელ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდერ ზოლფრანკს.
ზოლფრანკის თქმით, ალიანსი ამჟამად რამდენიმე ალტერნატიულ მარშრუტს აწყობს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ამერიკის ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასასროლად რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.
მთავარი მარშრუტი გადის ნიდერლანდის პორტ როტერდამიდან რკინიგზით გერმანიისა და პოლონეთის გავლით. მაგრამ ნატო შიშობს, რომ ეს მარშრუტი შეიძლება მოიშალოს როტერდამზე ან ჩრდილოეთ ევროპის სხვა პორტებზე რუსეთის იერიშების შემთხვევაში.
გენერალი ზოლფრანკი აღიარებს, რომ ნატოს საჰაერო თავდაცვა შესაძლოა არ იყოს საკმარისი მისი ყველა ლოგისტიკური კვანძის დასაცავად.
„ვხედავთ, როგორ უტევდა ლოგისტიკურ ბაზებს უკრაინაში. ამან უნდა მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ნათელია, რომ მსხვილი ლოგისტიკური ბაზები, როგორებსაც ვიცნობდით ავღანეთიდან და ერაყიდან, უკვე აღარ არის შესაძლებელი, ვინაიდან მათ თავს ესხმიან და ანადგურებენ კონფლიქტური სიტუაციის ძალზე ადრეულ სტადიაზე,“ მოჰყავს Telegraph-ს ზოლფრანკის სიტყვები.
„რაც შეეხება საჰაერო თავდაცვას… ის არასოდესაა საკმარისი. ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, როცა საჰაერო თავდაცვის საშუალებები საკმარისი შეიძლება იყოს,“ შენიშნა გენერალმა.
მისი თქმით, ამჟამად ნატოს დაგეგმვის ყურადღების ცენტრშია ჯარისა და ტექნიკის ტრანსპორტირების სათადარიგო გზების გაყვანა: თუკი ჩრდილოეთ ევროპის პორტები მწყობრიდან გამოვა, ნავარაუდევია იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის პორტების ამოქმედება.
დაგეგმილია იტალიიდან მარშრუტი სლოვენიისა და ხორვატიის გავლით უნგრეთამდე, რომელიც ასევე ესაზღვრება უკრაინას, საბერძნეთიდან და თურქეთიდან კი ჯარების გადაყვანა შესაძლებელია ბულგარეთის გავლით რუმინეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი