ფაშინიანი ეკლესიის წინააღმდეგ და აქციები სომხეთში

ავტორი: ვადიმ დუბნოვი,
სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღეს, 28 მაისს, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს დაუპირისპირდა და საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, საპროტესტო კოლონა სარდარაპატში მიიყვანა. ეს არის ადგილი, სადაც სომხურმა არმიამ 106 წლის წინ თურქული ჯარები დაამარცხა. მოძღვარმა და მისმა სამწყსომ, იმის შიშით, რომ პრემიერ-მინისტრი მათ იქ ჩასვლას დაასწრებდა, ჯერ კიდევ ღამით დაიკავეს ადგილი და სადღესასწაულო დილას, როგორც გამოჩნდა, კარგად აღჭურვილებიც შეხვდნენ. სიმბოლოებით გაჟღენთილ სომხურ პოლიტიკაში ეს გარღვევა დიდი მიღწევა უნდა ყოფილიყო ოპოზიციისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციას მხოლოდ ამ სიმბოლიზმით მოუწევს დაკმაყოფილება.
პრემიერი ეკლესიის წინააღმდეგ
სომხეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სხვადასხვა ლოკაციაზე ოპონენტების ღონისძიებების შემდეგ, ფაშინიანი სარდარაპატში შუადღისას ჩავიდა. თუმცა, ტრიუმფი არ შედგა.
დაახლოებით, იმავე დროს, სარდარაპატში ჩავიდა სრულიად სომეხთა კათალიკოს პატრიარქი გარეგინ II. როგორც პროტოკოლის საკითხების ექსპერტები განმარტავენ, კათოლიკოსს, რომელიც ფორმალურად სახელმწიფოს მეორე პირია – პრეზიდენტის შემდეგ, ხოლო პრემიერ-მინისტრზე ერთი საფეხურით მაღლა დგას, – ოფიციალურ ღონისძიებებზე სპეციალური მიწვევა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ის არავისთან არაფერს უნდა ათანხმებდეს. თუმცა, სწორედ მიწვევა მოითხოვეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ეკლესიის იერარქისაგან მოითხოვეს, რის გამოც სკანდალი მოხდა. მთელმა ქვეყანამ უყურა ეკლესიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ათობით პოლიციელი, მათ შორის ძალის გამოყენებით, ცდილობს, ხელი შეუშალოს მაღალი სასულიერო პირების ჯგუფის გავლას. საბოლოოდ, მათ მოახერხეს გავლა და, როგორც თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მოგვიანებით განმარტა, გაუგებრობის მიზეზი იყო ეჭვი, რომ უმაღლესი სასულიერო პირები აპირებდნენ გაეგრძელებინათ მათი ფორმალური ქვეშევრდომის, ბაგრატ გალსტანიანის პროვოკაციული ქმედებები.
რეპუტაციის გაფუჭების რისკებმა, როგორც ჩანს, ვერ შეაჩერა სომხეთის მთავრობა. რაც, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კი ბოლო კვირების განმავლობაში მომიტინგეებთან და ჟურნალისტებთან ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ. პოლიციის მხრიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან შეხლა-შემოხლა, კათალიკოს პატრიარქის ხელშეუხებლობის ხელყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან კომუნიკაციის დამამცირებელ ტონზე, რაც სომხეთისთვის გაუგონარი ამბავია.
ამასობაში დაპირისპირება გარდაუვალი გახდა. თავად ბაგრატ გალსტანიანის ფიგურა კი, საპროტესტო გამოსვლების ადგილზე დროული იყო. ის დაიბადა სპარსულ-სომხურ ოჯახში და გაიზარდა ერევანში, წარჩინებით დაამთავრა სასულიერო სემინარია, დაამთავრა ლიდსის უნივერსიტეტი, სადაც სწავლის პარალელურად, მანჩესტერში მღვდლად (პასტორი – პროტესტანტი მღვდელი) მსახურობდა. 30 წლის ასაკში გახდა კათალიკოსატის პრესის, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი, ერთი წლის შემდეგ აირჩიეს კანადის სომხური ეკლესიის წინამძღვრად და აკურთხეს ეპისკოპოსად. ერთი სიტყვით, ს, როგორც სახალხო პოლიტიკოსის, დაკარგული პოპულარობის ფონზე, გალსტანიანი წარმოადგენს ბრწყინვალედ განათლებული და ეკლესიის მაღალი რანგის მსახურის განსახიერებას, მეტიც – საერთაშორისო მასშტაბით. ამავდროულად, როგორც გაირკვა, ის არცთუ ისე ცუდად თამაშობდა ფეხბურთს, რამაც, რა თქმა უნდა, სიმპათია გამოიწვია, ისევ ნიკოლ ფაშინიანის ფონზე, რომელიც თავისი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს წარუმატებლად ცდილობდა კალათბურთის ბურთის ბადეში ჩაგდებას.
მისი ურთიერთობა ეკლესიასთან თავიდანვე ვერ დალაგდა, რაც სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებდა გარეგნულ კორექტულობასა და ავტონომიას, ყოველთვის იყო ჩაშენებული სახელმწიფო ორგანოსა და პოლიტიკურ სტრუქტურაში და წარმოადგენდა მის ერთ-ერთ საძირკველს. ნიკოლ ფაშინიანის რევოლუცია მისთვის თავიდანვე არ ყოფილა მისასალმებელი. როდესაც ხელისუფლება აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში წარუმატებელი აღმოჩნდა და მოსკოვს დაშორდა, ეკლესია სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებდა ახალი მთავრობის მიმართ მიუღებლობას და ტრადიციების შენარჩუნების დროშას ამოფარებული მზად იყო ებრძოლა მის წინააღმდეგ. ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს კი ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდა: თითქმის, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ის ხელმძღვანელობდა ტავუშის ეპარქიას, საიდანაც დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ან, როგორც ოპოზიცია აცხადებს, მტრისთვის სომხური მიწების დათმობა.
თუ ხვალ ომი დაიწყება
სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ პროტესტს მაშინვე დაუჭირა მხარი, რითაც კონფლიქტი საბოლოოდ დაიწყო. ხელისუფლებამ ეკლესიას არა მხოლოდ “უცხოური გავლენის აგენტი” უწოდა – რაშიც რა თქმა უნდა, მოიაზრებოდა, არამედ ხელყო ის, რაც ხელშეუხებლად მიიჩნეოდა – ეკლესიის ფინანსური სარგებელი. ამის შემდეგ დადგა დრო, როდესაც მისი მოკავშირე – რუსეთი ეკლესიის მხარდასაჭერად დადგა და საბოლოოდ, ყველაფერმა სიმბოლური ხასიათი მიიღო.
ერთი მხრივ, ფაშინიანის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მისგან სიმართლის მოსმენაც ნაკლებად სურს. სწორედ ამიტომ, ყველაფერს საპირისპირო ეფექტი აქვს. ფაშინიანი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს თანამოქალაქეები, რომ საზღვრის დელიმიტაციას ალტერნატივა არ აქვს, საუბრობს იმ რისკებზე, რაც ამ საკითხის გამწვავებას თან სდევს. მაგრამ პასუხად რჩება უცვლელი კითხვა: ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ეს რისკები რეალობად იქცა? რაც არ უნდა გააკეთოს ფაშინიანმა და რამდენ ხანიც არ უნდა შეძლოს ხელისუფლებაში დარჩენა, ის “ცალფეხა იხვად” რჩება. მას ისღა დარჩენია, რომ დაეყრდნოს აზრს, რომ ყველა ოპონენტი უარესი იქნება. აქამდე ეს მეთოდი მუშაობდა.
თუმცა, გალსტანიანის შემთხვევა ბევრს ტენდენციის შეცვლის შესაძლებლობად წარმოუდგა. ფაშინიანს დაუპირისპირდა ადამიანი, რომელსაც არც მძიმე წარსული ჰქონდა და არც ცუდი რეპუტაცია. საზღვრის დელიმიტაციის თემა ტექნიკურად ძალიან პერსპექტიული ჩანდა. ოთხი სოფლის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადაცემა – როგორც ითქვა, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, სოფელ კირანცის ნაწილის სომხეთიდან მოკვეთას, საზღვრის გამოჩენის შემდეგ ამ რეგიონში წარმოქმნილ ლოჯისტიკურ პრობლემებს; ეს პრობლემები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ სახელმწიფოთაშორისი მასშტაბითაც წარმოიშვა, ვინაიდან აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა მონაკვეთი, რომელიც საქართველოსკენ მიდის. მაგრამ რაც მთავარია – რისკები, თუნდაც დღევანდელი კომპრომისის ფონზე, რჩება.
აზერბაიჯანი კვლავ უარს ამბობს 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის, როგორც დელიმიტაციის უნივერსალური პრინციპის მიღებაზე. დეკლარაციის მიხედვით, რესპუბლიკათაშორისი საბჭოთა საზღვრები სახელმწიფოთაშორისად არის გამოცხადებული. ცხადია, რომ ხშირ შემთხვევაში, საზღვრები დგინდებოდა ისეც, რომ ვერც ერთი ალმა-ათის დეკლარაცია და ვერცერთი საბჭოთა რუკა ვერ ითვალისწინებდა ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერის ურთიერთშეთანხმების (ან ურთიერთ პრეტენზიების) ნიუანსებს საძოვრების ან სახნავ-სათესი მიწების გაყოფის თემაზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე სადავო ლოკალური საკითხები მართლაც ბაქოს სასარგებლოდ წყდება. სომხეთის იმედებს, რომ ტავუშში კომპრომისი აიძულებდა ბაქოს უკან დაეხია 44-დღიანი ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე არ უწერიათ ახდენა.
ამასთან, იმის გაგება, რომ ტავუშშიც კი, ფორმალური თვალსაზრისით, სომხური არგუმენტები მიწის გადაცემის წინააღმდეგ არ არის უნაკლო, მხოლოდ პროტესტს ამძიმებს. დიახ, აზერბაიჯანისთვის გადაცემული ტერიტორიები ოფიციალურად არასდროს ეკუთვნოდა სომხეთს და არცერთ რეესტრში მოიძებნება ამის ჩამონათვალი. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო ოკუპირებული ადგილობრივი საომარი მოქმედებების დროს და, როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით, კითხვები არ უნდა არსებობდეს. მაგრამ კითხვები არსებობს, მაგალითად, დაახლოებით იმავე ტერიტორიებზე, რომლებიც იმავე 90-იან წლებში აზერბაიჯანელებმა ზუსტად იგივე გზით დაიკავეს და მათ დათმობას არ აპირებენ.
ამ ყველაფერს ნიკოლ ფაშინიანი დამაჯერებლად პასუხობს: თუ არ დავთმობთ – ომისთვის მოვემზადოთ.
ბაქო ფაშინიანის მხარეს
მათთვის, ვინც ფორმალურად სხვა ტერიტორიაზე ომი სომხეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვა (რასაც დაუღალავად იმეორებს ფაშინიანი, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღეს, მან გაიხსენა, რომ ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეძლო მისი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რისკების თავიდან აცილება), ომის საფრთხე საკუთარ ქვეყანაში – ტრავმის ეფექტია.
ამავდროულად, მოვლენების ასეთი ბრუტალური გაგრძელება აზერბაიჯანის ყველაზე გაბედულ გეგმებშიც კი არ შედის. აზერბაიჯანმა ძირითადი პრობლემები უკვე გადაჭრა. ილჰამ ალიევს უკვე შეუძლია მომავალი ისტორიის სახელმძღვანელოებში იმ თავების რედაქტირება, რომლებშიც ის აღწერილი იქნება, როგორც მკაფიო საზღვრებით თანამედროვე აზერბაიჯანული სახელმწიფოს შემქმნელი. ყველაფერი დანარჩენი, უბრალოდ მიმზიდველი ბონუსია. რა თქმა უნდა, უკვე არ ღირს ომის დაწყების გარისკვა, რომელიც 44-დღიანი ომისგან განსხვავებით, აღარავის მიერ ჩაითვლება სამართლიან და გამათავისუფლებელ ბრძოლად.
ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაქოს ფაშინიანის დამხობა გაუხარდეს. თუ ხელისუფლებაში ნამდვილი რევანშისტები მოვიდნენ, ეს სრულიად არასაჭირო სამხედრო მომზადებას ნიშნავს. თუ გაწონასწორებული ხალხი მოვა, ეს მაინც დროისა და იმპულსის დაკარგვა იქნება, ან თუნდაც ერთი წლის წინანდელი მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, სამართლიანობისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით აზერბაიჯანი ცხადყოფს, რომ თუნდაც “გამარჯვებულთა უბედურების” ჟანრის ფარგლებშიც, რომელზეც უარის თქმას არ აპირებს, მზადაა კონსტრუქციული დისკუსიებისთვის – ამასთან კი იტოვებს უკანასკნელი სიტყვის თქმის უფლებას.
შესაძლოა, სომხეთში ხელისუფლების შეცვლამ მოსკოვი დააინტერესოს. მაგრამ მას, სავარაუდოდ, ესმის, რომ არსებულ ვითარებაში, დღეს ამისგან კონკრეტულს ვერაფერს მიიღებს, გარდა სულით ახლობელი პოლიტიკოსების დაბრუნებით მიღებული მორალური კმაყოფილებისა. ზანგეზურის დერეფანზე კონტროლის უპირატესობაც კი შეიძლება საკმარისად ანაზღაურდეს ბაქოსა და ანკარას პოზიციით, რომლებსაც აქვთ ინიციატივა და აბსოლუტურად არ აპირებენ მის გაზიარებას მოსკოვთან, რომელიც უფრო დამოკიდებულ მდგომარეობაშია, ვიდრე 44 დღიანი ომის შემდეგ. ამიტომ, როგორც ჩანს, რუსეთსა და სომხეთს ჰქონდათ ყველა საფუძველი, რომ შეთანხმებულიყვნენ პოლემიკაში პაუზაზე და სულ მცირე, ზედმეტად არ გაეუარესებინათ მიმდინარე ურთიერთობები.
კითხვები ეპისკოპოსს
ამ პირობებში ის რისკებიც კი, რომელზეც ფაშინიანი მიდის, თავად კათალიკოსთან დაპირისპირების სახით, მისთვის საბედისწერო არ არის. პროტესტის მასშტაბები, რომელიც ერევანში სერიოზულად 9 მაისს დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე მიტინგით, რომელშიც სხვადასხვა შეფასებით 20-დან 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, არ იზრდება, რაც პროტესტის მუხტის დაცემას ნიშნავს.
26 მაისს საქართველოსთან საზღვარზე ძლიერმა წყალდიდობამ, სწორედ 26 მაისის აქციის დღეს, რომელიც 2018 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბური უნდა ყოფილიყო, ეს გეგმები შეარყია.
თუმცა, ამის გარეშეც, აქციის მონაწილეთა ნაბიჯები უკვე დიდი ხანია აღარ არის მრავალფეროვანი და ეფექტური. საპროტესტო გამოსვლებმა გამოიწვია გზების ჩაკეტვა, რამაც, მიუხედავად პროტესტის იდეისადმი მოქალაქეთა მთელი სიმპათიისა, შეუძლებელია არ გამოიწვიოს გაღიზიანება. მომიტინგეების მასობრივი მსვლელობები -სკენ ან უნივერსიტეტისკენ თვალშისაცემად გამოიყურება, მაგრამ მათ აშკარად მხოლოდ შოუს სახე აქვთ.
სიტუაცია არც პოლიტიკური თვითგამოხატვის თვალსაზრისითაა უკეთესი. პრემიერის გადადგომის მოთხოვნა აშკარად გულისხმობდა მისი შემცვლელის კანდიდატურას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანმა პრობლემებმა იჩინა თავი. თავად გალსტანიანი არ არის შესაფერისი ამ როლისთვის – კანადის მოქალაქეობა არ აძლევს მას ამის უფლებას. ღვთის ნებაზე განცხადებები კი, რომელიც “კანონზე მაღლა დგას”, წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ, როგორც ჩანს, პროტესტის წარუმატებლობის მიზეზი ბევრად სისტემური პრობლემები წარმოადგენს.
გალსტანიანი თავიდანვე არ მალავდა, რომ მას არ გააჩნია მკაფიო სამოქმედო პროგრამა, მაგრამ ეყრდნობა საკითხში გამოცდილი ადამიანების კრეატიულობას და დახმარებას. თავიდან ეს ხალხი უარს არ აცხადებდა – რობერტ კოჩარიანის, დაშნაკების და სხვა, არც ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ ჭრელი ოპოზიციური სტრუქტურების წარმომადგენლები გალსტანიანის დროშის ქვეშ მოექცნენ. თუმცა, პროტესტის გაგრძელებასთან ერთად, ცხადი გახდა, რომ ისინი უფრო მეტად ეყრდნობოდნენ გალსტანიანის უნარს, მოეზიდა მასები. ისინი თავადაც ხედავდნენ მის შესაძლო წარუმატებლობაში საკუთარი არასწორი სტარტის ძალიან დიდ რისკს და ამიტომ აშკარად თავს იკავებდნენ მის საქმეში არასაჭირო პოლიტიკური ინვესტიციებისგან. პრემიერ-მინისტრის პოსტზე რეალური კანდიდატები, რომელთა კანდიდატურასაც გალსტანიანი ითხოვდა და ელოდა, არ გამოჩენილან. პროტესტმს მსხვილი პოლიტიკური ფიგურები არ მიიზიდა, – ჭორების თანახმად, ეპისკოპოსმა მიმართა “აყვავებული სომხეთის” უკვე ჩრდილში მყოფ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს, მაგრამ ამ პროტესტებში მანაც ვერ დაინახა ახალი შანსი.
სინამდვილეში, ყველა განმცხადებელს ესმის, რომ წარმატების შემთხვევაში, მას მოუწევს იგივე პრობლემების გადაჭრა. აქ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს – ან შურისძიება ან მისი სარისკო იმიტაცია, ან იგივე კომპრომისები, რაც მაშინვე გახდება ხანმოკლე წარმატების დასასრული. თავად ეპისკოპოსი ამაზე ორაზროვნად საუბრობს: ერთი მხრივ, მას არ სურს ომი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინ თქვა, რომ ფაშინიანის ქმედებები მას ომს არ მოუტანს? ამასობაში, ფაშინიანით უკმაყოფილოებსაც კი აქვთ კითხვა – საჭიროა თუ არა ფაშინიანის დამხობა, რათა მის ადგილას მოვიდეს ადამიანი, რომელიც იგივე საბედისწერო შეცდომების გამეორებას აპირებს, უბრალოდ ახალ გარემოებებში და უკვე არა ყარაბაღში, არამედ თავად სომხეთში?

ასევე დაგაინტერესებთ