„არა ბავშვთა ნიშნობასა და ქორწინებას!“ — აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ.
„საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები.
მათი თქმით, სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს, არ ებრძვის პედოფილიას და ბავშვების ქორწინების არსებობა მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა. ისინი მოითხოვენ, რომ ბავშვების ნიშნობა და ქორწინება ძალადობად ჩაითვალოს.
„ჩვენ გვინდა, რომ ბავშვების ნიშობა და ქორწინება ჩაითვალოს ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად, რათა პოლიციას უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს, რომ ჩაერთოს და ადრეული ქორწინების პრევენცია მოახდინოს“, — განაცხადა ბაია პატარაიამ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მისივე თქმით, პერფორმანსის მიზანი, პირველ რიგში, კანონმდებელთა ყურადღების მიქცევაა, რათა შესაბამისი ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში.
25 ნოემბერი ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ