გახარიას პარტია ზურაბიშვილის წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პრეზიდენტ ს მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს.
როგორც პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ქარტიით გათვალისწინებულ რიგგარეშე ს ჩატარებისა და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს გიორგი გახარიას გუნდი არ ეთანხმება.
თუმცა, ამასთან პარტიაში ამბობენ, რომ სრულად უერთდებიან პრეზიდენტის ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.
“გვსურს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ქართული ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.
რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.
გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს, ასეთი მიზანი კი დღეს ყველა ჩვენგანისთვის პირველ რიგში არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევნების დასაცავად, არჩევნების დაცვისა და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში.
პრეზიდენტის როლი, როგორც დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ინსტიტუტის არის გადამწყვეტი. მისი როლი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანების ირგვლივ, ამიტომ უნდა შეიქმნას პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად”, – თქვა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე.