რამდენიმე დღის წინ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში იტალიასა და უკრაინას შორის (0:0) გამართულ მატჩში მსაჯმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ბრაიან კრისტანტეს მიერ მიხაილო მუდრიკის წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
აღნიშნულ განცხადებას ცნობილი იტალიელი მეკარე ემილიანო ვივიანო გამოეხმაურა და დე ლაურენტისის განცხადებას სულელური უწოდა.
“დე ლაურენტისს როგორც პრეზიდენტს დიდ პატივს ვცემ, რადგან “ნაპოლისთან” ერთად მისი მიღწევები შთამბეჭდავია, თუმცა ჟურნალისტებთან ყოველთვის სისულელეებს ლაპარაკობს, მას არ სურს პოპულარობა, თუმცა მუდმივად პრესის მთავარ გვერდზე ყოფნას ცდილობს.
აშკარაა, რომ კრისტანტემ წესები დაარღვია და უკრაინას უსამართლოდ მოექცნენ, თუმცა მაოცებს, რომ იტალიელები ამის გამო აღშფოთებას გამოვთქვამთ”, – განაცხადა ვივიანომ.
შეგახსენებთ, ვეტერანი იტალიელი სხვადასხვა დროს “ბრეშას”, “ბოლონიას”, “ინტერის”, “პალერმოს”, “არსენალისა” და “სამპდორიას” ღირსებას იცავდა. 37 წლის კარის დარაჯი “ასკოლიში” ირიცხება, თუმცა მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა.