,,გაძვირებულია როგორც ლარის, ისე სავალუტო სესხები” – თამაზ დაუშვილი

კერძო სექტორი მიუთითებს, რომ ფინანსური რესურსი კვლავ ძვირია, რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უშლის. როგორც „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კერძო სექტორისთვის გაძვირებულია როგორც ლარის ისე სავალუტო სესხები.

„სესხზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის არ არის იმდენად დიდი პრობლემა. ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები ამ კუთხით ძალიან მოწადინებულები არიან. რესურსიც არის, რომ მოხდეს მეტი სესხის გაცემა, თუმცა აქ პრობლემა გვაქვს ის, რომ სესხის პროცენტი არის გაზრდილი და გაძვირებულია ზოგადად ფინანსური რესურსი, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ამასაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ დაბრუნდეს მეტ-ნაკლებად ძველ ნიშნულზე. ბუნებრივია, ფინანსებზე წვდომა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეკონომიკის ზრდისთვის.“-აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.

მისივე თქმით, ბიზნესს აქვს მოლოდინი, რომ შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი და ლარში დაკრედიტება უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„ლარის სესხიც და სავალუტო სესხიც გაძვირებულია. ინფლაცია მიზნებრივ, სასურველ მაჩვენებელთანაა და შესაბამისად, ეს მოლოდინი, რომ შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი და ლარში დაკრედიტება უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ყველას გვაქვს. ყველა, მათ შორის ეროვნული ბანკიც დაინტერესებულია, რომ სესხები გაიფდეს.“-აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.9% შეადგინა. რაც შეეხება სავალუტო სესხებს, აქ პირიქით ზრდა ფიქსირდება და სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტით 9.2%-მდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში იურიდიულ პირებზე 1.1 მილიარდი ლარის სესხები გაიცა. ყველაზე დიდი მოცულობის სესხი ვაჭრობის სექტორშია, დაკრედიტების მიხედვით პირველ სამეულშია მრეწველობისა და მშენებლობის სექტორები.