საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში ავსტრიაში მორიგი ვარჯიში გამართა.
2 ივნისის საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. მათთან ერთად ნაკრების ვარჯიშში გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე მონაწილეობდნენ.
შეკრების მიმდინარეობის და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ ეროვნულ გუნდში არსებული
განწყობის შესახებ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილი გააკეთა.
ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. შემოგვიერთდა მოთამაშეთა ნაწილი და მომდევნო კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.
თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ მეტი ივარჯიშოს, უფრო მონდომებული იყოს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიამოვნოა. ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, საჭიროა ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ”.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
nakrebi.ge