ლევან კობიაშვილის კომენტარი Deutsche Welle -სთან: …ეს შეცდომა იყო და ყველამ იცის საქართველოში

Deutsche Welle-ს სიუჟეტი საქართველოს ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია “დოიჩე ველემ” საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღას სიუჟეტი მიუძღვნა.

სიუჟეტში მოთხრობილია, როგორ გადაწერა საქართველოს ნაკრებმა ქართული ფეხბურთის ისტორია, როგორ იზეიმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლა და როგორ დაიწყო ამ წარმატების შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ. სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ ხსენებული კანონი ხელს უშლის საქართველოს მიზანს, გაერთიანდეს ევროკავშირში.

ასევე აღნიშნულია, რომ ყველაზე წარმატებულმა ქართულმა საფეხბურთო კლუბმა დინამო თბილისმა დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მაგალითისთვის მოყვანილია გიორგი ჩაკვეტაძის პოსტი, რომელშიც ის მთავრობას მოუწოდებდა, გაეწვიათ ეს კანონი და წერდა: “უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ.”

“დოიჩე ველემ” ფეხბურთელების პროტესტზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსაც სთხოვა, რომელმაც “ქართული ოცნების” სხვა პარლამენტარებთან ერთად კანონს მხარი დაუჭირა.

“ყველას შეუძლია, გამოთქვას თავისი მოსაზრება – სოციალურ ქსელებში თუ განცხადების ნებისმიერი ფორმით, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როცა ერთი ან მეორე მხრიდან ყოველთვის ზეწოლა მოდის, რათა თავის მხარეს გადაიყვანონ.” – ამბობს კობიაშვილი ფეხბურთელების პოსტების შესახებ და კითხვაზე, კონკრეტულად ვისი მხრიდან ხდება ფეხბურთელებზე ზეწოლა, მცირე პაუზის შემდეგ ასე პასუხობს: “შემიძლია, მაგრამ დეტალებში არ შევალ… ეს შეცდომა იყო და ყველამ იცის საქართველოში.”

“დოიჩე ველეს” ჟურნალისტის კომენტარი ასეთია: “მისი ფედერაცია უეფასგან მილიონობით ევროს ოდენობით დახმარებას იღებს, მაგრამ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ურთულებს უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიღებას.”

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.