ახლა უკრაინას აქვს დადასტურება მსოფლიოს 106 ქვეყნისგან 15 ივნისს შვეიცარიაში მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე, მაგრამ რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მის ჩატარებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში გამართულ კონფერენციაზე “დიალოგი – შანგრილა” განაცხადა.
„დადასტურება გვაქვს მსოფლიოს 106 ქვეყნიდან და ეს არის მაღალ დონეზე: ლიდერების დონეზე, მათი ქვეყნების წარმომადგენლების მაღალ დონეზე. რუსეთი დღეს დადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იმუქრება საკვები პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან ქიმიკატების ბლოკადით, ენერგეტიკულ რესურსებზე ფასებით, ან უბრალოდ ახორციელებს ზეწოლას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არსებობს „არცთუ ძალიან კარგი ინფორმაცია“ იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ დაიწყო რუსეთის დახმარება სამშვიდობო სამიტის დიპლომატიური ჩაშლის საქმეში.
„ამიტომ, როცა გეკითხებით, რა შეუძლია გააკეთოს მსოფლიომ, მსოფლიო უნდა იყოს ძლიერი, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, შეუძლებელია პუტინის შეჩერება სხვა გზით, მხოლოდ დიპლომატიური იზოლაცია, ძლიერი უკრაინის არმია. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ სრულად უნდა გაიგოს: არა უკრაინასა და რუსეთს შორის ბალანსირება, არამედ სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.