რა პროგრამებს ახორციელებს Skillwill-ი ახალგაზრდების ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებისთვის – „პროფესიული განათლების ნავიგატორი“

რა პროგრამებს ახორციელებს Skillwill-ი ახალგაზრდების ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებისთვის. ამის შესახებ თაი სიბოშვილის გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორში“ ისაუბრეს. როგორც გადაცემაში განაცხადეს, Skillwill არის ყველაზე მასშტაბური ონლაინ ტექ აკადემია საქართველოში, რომელიც აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.
Skillwill–ის დირექტორის გიგი გიორგაძის თქმით, Skillwill-ის საქმიანობა მოიცავს 3 კომპონენტს.
· ტექნიკური ცოდნა
პროგრამირების სწავლება თანამედროვე მეთოდებით, შეფასების ინოვაციური სისტემით და პრაქტიკული დავალებებით
· კარიერული ზრუნვა
რბილი უნარების ტრენინგები, რეზიუმეს/პორტფოლიოს შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება, ინსტრუქციები და რჩევები კარიერული განვითარებისთვის და დასაქმების პერიოდული შეთავაზებები.
· ნეთვორქინგი
პროფესიულ კავშირებზე ზრუნვა, რეგულარული ვორქშოპები, შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ნეთვორქინგის ძირითადი ინსტრუმენტების სწავლა, სპორტული და კულტურული აქტივობები.
როგორც გიგი გიორგაძემ აღნიშნა, ონლაინ ტექ აკადემიაში მიღება გარკვეული პერიოდულობით, დაახლოებით სამ თვეში ერთხელ ხდება. არსებობს კურსები, სადაც ადამიანს ნულოვანი ცოდნით შეუძლია სწავლა დაიწყოს და არსებობს კურსები, სადაც გარკვეული წინარე, საბაზისო ცოდნაა საჭირო, ასეთია მაგალითად ბექენდ დეველოპმენტი|პითონი და ფრონტენდ დეველოპმენტი. კურსზე მოხვედრა ხდება skillwill.ge-ზე რეგისტრაციით.

Skillwill-ში სწავლება შემდეგ პროგრამებზე მიმდინარეობს.
· პროგრამირება 0-დან
· ფრონტენდ დეველოპმენტი
· ბექენდ დეველოპმენტი
· IT პროექტების მენეჯმენტი
· ციფრული პროდუქტების ტესტირება
· UX/UI
· ციფრული რეკლამა
· ციფრული მარკეტინგი
· სოციალური მედიის მართვა
· ხელოვნური ინტელექტი და AI პროდუქტების მართვა
„ინტერესი და მომართვიანობა არის მზარდი 2022 წლის ივლისში მივიღეთ პირველი ნაკადი. ბოლო მიღება იყო რეკორდული. მოდიან სტუდენტები როგორც თავისი სურვილით, ასევე სხვადასხვა პროგრამებით, სადაც დაფინანსებულები არიან სახელმწიფოს მიერ, თბილისის მერიის მიერ და ა.შ. GITA-ს აქვს ახალი პროგრამა, რომელიც ნოემბერში ჩაეშვა და ითვალისწინებს 5000 აიტი ჯუნიორ სპეციალისტის მომზადებას და ამ პროგრამიდანაც მოდიან ჩვენთან სტუდენტები. ანუ გვყავს სტუდენტები სრული დაფინანსებით, თანადაფინანსებით და თავისი დაფინანსებით, “- განაცხადა გიგი გიორგაძემ.
Skillwill–ის სტუდენტებზე ზრუნვის ხელმძღვანელის ნათია გაფრინდაშვილის თქმით, კვირის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ 2 ტექნიკური ლექცია და 1 ლაივ ვორქ-შოპი „ტუტორთან“. ლექციები ძირითადად საღამოს, 7-9 საათის პერიოდშია. სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს
„ჩვენი ზრუნვა სტუდენტებზე მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიწოდებით არ მთავრდება, შევდივართ ასევე კარიერულ ნაწილშიც და მუდმივ რეჟიმში ვუზიარებთ ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ვაკანსიბს და ვეხმარებით, რომ მოერგონ ამ ვაკანსიებს,“ – განაცხადა ნათია გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, Skillwill-ი სტუდენტებს ეხმარება საჭირო კავშირების დამყარებაში და საშუალებას აძლევს მიიღონ მონაწილეობა შესაბამის ღონისძიებებში.
გიგი გიორგაძის თქმით, სასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ის ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ციფრულ სამყაროში, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარიერა, მაგრამ სურთ ცვლილება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შესაძლებლობები ჰქონდეთ რეგიონის მცხოვრებლებსაც. რის საშუალებასაც აკადემია ონლაინ სწავლებით იძლევა. გიგი გიორგაძემ აღნიშნა რომ საუკეთესო კურსდამთავრებულები, გარანტირებულ დასაქმებას იღებენ, როგორც Skillwill-ში, ასევე მათ პარტნიორ კომპანიებში.
„3-4 თვიანი კურსის შემდეგ ჩვენ სტუდენტს აქვს საშუალება, რომ სამსახური იპოვოს, მათ შორის მიიღოს კერძო შეკვეთები და მიიღოს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება, რომელიც სტაბილურად იზრდება, თუ ადამიანი თავის საქმეში ვითარდება,“- აღნიშნა გიორგაძემ. ხელმისაწვდომობის მხრივ გათვალისწინებულია მათი ინტერესიც ვისაც სურს ფიზიკურად მისვლა სასწავლებელში და რამდენიმე რეგიონში იხსნება შესაბამისი ოფისებიც.
სასწავლებლის წარმომადგენლების თქმით, აკადემიაში არსებობს სტუდენტების რეიტინგის სისტემაც, რომელიც ხელმისაწვდომია თავად სტუდენტებისთვისაც. რეიტინგის ტოპ სტუდენტების მიმართ მოქმედებს წახალისების სისტემაც.
აკადემიაში მიღება 14+ ასაკიდანაა. იმის გათვალისწინებით, რომ დამატებითი სასწავლო მასალები ძირითადად ინგლისურია და კარიერულადაც უწევთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა აუცილებლობად ითვლება.
გადაცემაში ასევე საუბარი შეეხო Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის პარტნიორობის დაწყებას. ამის შესახებ გადაცემაში USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ტრენინგის განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა ცოტნე იაშვილმა ისაუბრა.
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ICT მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.