თბილისში, მდინარე მტკვარზე ახალი ჰიდროელექტროსადგური შენდება. პროექტის სახელწოდებაა “დიღომი ჰესი” და ის თბილისი მოლის მიმდებარედ, დიღმის ჭალებში მდებარეობს. პროექტს ახორციელებს კომპანია “დიღომი ჰესი” და მისი საინვესტიციო მოცულობა 23 მილიონი დოლარია.
ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 11.26 მეგავატ საათი იქნება და ის თავისი ტიპით საკმაოდ ახლოს იქნება თბილისში მდებარე ორთაჭალჰესთან, რომელიც ასევე დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული კალაპოტურ კაშხლური ჰესია. კაშხლის სიმაღლე 10 მეტრი იქნება და კაშხლის წინ მდინარის კალაპოტში დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძეზე წყლის შეგუბებას გამოიწვევს. შესაბამისად, ეს მოიცავს ტერიტორიას ზაჰესის ხიდიდან ახალ კაშხლამდე.
არსებული მდგომარეობით ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის აქტიურ ფაზაში იმყოფება.მდინარე მტკვარზე უკვე მოწყობილია ხელოვნური ბარიერი, რომელშიც ჰიდროელექტროსადგურის ერთი ნახევარი მოექცევა.
პროექტის ინვესტორი შპს “დიღომი ჰესი” 2019 წლის აპრილში დაფუძნდა, მისი აქციონერები არიან ბიზნესმენი ტარიელ გიორგაძე (35%); შპს ჟი ემ ჯი (30%) და შპს ელექტრონი (35%). თავის მხრივ, კომპანია ჯი ემ ჯის დამფუძნებელი და მფლობელია ბიზნესმენი გრიგოლ ნატროშვილი, ხოლო კომპანია “ელექტრონის” 20%-20%-20%-20% და 20%-იან წილებს ფლობენ კობა გოგატიშვილი, მალხაზ გოგატიშვილი, საქართველო რუსეთის ორმაგი მოქალაქე დავით კენჭაძე და საქართველო რუსეთის ორმაგი მოქალაქე ხვიჩა ფორჩხიძე.
დიღომი ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და საინჟინრო პროექტი და თანდართული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.
