“ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მკურნალობის გარეშე შეიძლება დარჩეს ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო, ბენეფიციარებს, ყველა საჭირო სერვისს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ უფინანსებს. პროგრამაში, ჩართულია 3 ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის 6 წამყვანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა. პროგრამით უკვე 89 ბავშვმა ისარგებლა.