24 ნოემბერს, ბალტიისპირეთის მოკავშირე ქვეყნების, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები კიევში ჩავიდნენ და გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში, მაშინ, როცა უკრაინა ებრძვის შეფერხებებს ელექტროენერგიის მიწოდებაში.
24 ნოემბერს კიევს ესტუმრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე, რომელმაც უკრაინის ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკება.
“კიევში პატივი მივაგე კაცებსა და ქალებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: არსებობას და ცხოვრებას თავისუფლების პირობებში”, – დაწერა შიმონიტემ X-ზე და იქვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გვირგვინით ამკობს რუსეთთან ომში მებრძოლი უკრაინელების მემორიალს. “მათ თავიანთი სიცოცხლე ყველა ჩვენგანის დასაცავადაც გაწირეს, – დაწერა შიმონიტემ და დასძინა, – ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის უკრაინის დახმარება, რომ მან რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, სრულად აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ემსახუროს საერთაშორისო მართლმსაჯულებას და აღდგენის შემდეგ იყოს უფრო ძლიერი“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვდა ლატვიელ კოლეგას, ედგარს რინკევიჩს, რომელთა მოლაპარაკებებიც შეეხებოდა კიევის თავდაცვით საჭიროებებს და უკრაინის პოტენციალს, გახდეს ევროპის კავშირის წევრი.
ამავე დროს, არსებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს რუსეთმა განაგრძო უპილოტო საფრენი მოწყობილობებით დარტყმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 24 ნოემბრის მონაცემებით, უამინდობის, ტექნიკური დარღვევებისა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში 635 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტოენერგია.