ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბუჩიჩი საქართველოს პარლამენტის მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაზე განცხადებას ავრცელებს:
“ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო და “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საბოლოოდ დამტკიცოს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა და მისი შეუთავსებლობისა ევროპულ სტანდარტებთან.
ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შანსზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე. მან უგულვებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.
ბუჩიჩი ასევე ხაზს უსვამს აქამდე აქციების დარბევის, მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემისა და დაკავების, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინების ფაქტებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მომხდარის გამოძიებას მოითხოვს.
“თანაბრად შემაშფოთებელად რჩება დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების აშკარა დაუსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა გამოძიონ და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებაში უნდა იყვნენ მიცემული.
ევროპის საბჭო კვლავ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”,- ამბობს ბუჩიჩი.
საქართველოს მთავრობა კანონპროექტის მიღებას გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებლობით ხსნის.