სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში უპასუხა შეკითხვას – მზად არის თუ არა სომხეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, სომხეთი სრულად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„მე საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩვენ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა გაიხსენა რეზოლუციები, რომლებსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეის სესიაზე. ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი ადასტურებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
როგორც ფაშინიანმა თქვა, გაერო-ში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს.
„და ჩვენი პოზიცია – ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას“, – განაცხადა ფაშინიანმა
მანამდე სომხეთი ხმას აძლევდა რეზოლუციის წინააღმდეგ, ხოლო 2019 წლიდან ოფიციალური ერევანი [ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა] კენჭისყრაში აღარ მონაწილეობს.