წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი – სწორედ ეს არის პოლიტიკური მომავალი ივანიშვილის და ამ ადამიანებისა, ვინც დღეს აპირებს „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს საბოლოოდ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილმა „ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში“ ჩაყარა და ყველაზე უფრო რთული მისია – ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა დააკისრა.
„სიმართლე გითხრათ, სევდიანია ასევე ის ფაქტი, რომ როდესაც მაგალითად, აიხმანს ასამართლებდნენ, თქვა, რომ დაკისრებულ მოვალეობაზე უარის თქმა არ შეეძლო და დაუშვებლად და დაუმორჩილებლობად მიიჩნია. ვფიქრობ, რომ თქვენც დაუმორჩილებლობად შეიძლება მიიჩნიოთ დაკისრებულ მოვალეობაზე უარის თქმა. მაგრამ ყველაზე უფრო შემზარავი და სევდიანი დღეს რა არის – ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ. ამ ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში თქვენ ბიძინა ივანიშვილმა ჩაგყარათ, რომელმაც დაგაკისრათ ყველაზე უფრო შეუძლებელი მისია, ყველაზე უფრო მძიმე მისია, რომ სამშობლოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წახვიდეთ. ბოროტების ბანალურობა ისიცაა, რომ თვლით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღალატის კოლექტიური აქტი, მაგრამ იცოდეთ, რომ ღალატის კოლექტიური აქტის შემდეგ ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება სწორედ ის, რომ სამუდამოდ, თქვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული თქვენგანი შეხვალთ ძალიან მძიმე დამღით და სტიგმით და იმ სანქციით, რომელიც უკვე დაგადოთ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.
მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ამ მართლაც ბოროტების ბანალურობის ყველაზე უფრო ამორალური, კატასტროფული აქტისა, მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვთქვა, რომ დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, ბედნიერი ვარ, რადგან დაიბადა ახალი საქართველო, სადაც ახალგაზრდები, მომავალი თაობა თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმედ გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა: არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობა მივიღოთ და ამას ხელი შევუწყოთ. გაიღვიძეს ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ეროვნული მისია, დაკისრებული ისტორიული მისია, რომლის გამოცლასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ეს ეროვნული მისია აუცილებლად შესრულდება ძალიან მალე.
არაფერს ველოდები თითოეული თქვენგანისგან. არც მქონია მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წახვალთ. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იზრუნებს. შეხვედრებზე რომ დადიხართ და ეკითხებით, რა იქნება სანქციების დაკისრების შემდეგ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ადარდებს თქვენი მორალური კატასტროფა, მას მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება აინტერესებს. ამიტომ, მივმართავ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ადამიანს, ვისზეც ძალადობთ და ფიქრობთ, რომ ეს ძალადობის აქტები შეგაძლებინებთ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, გელოდებით ყველას, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან. პასუხი უნდა გაეცეს ამ გამოცხადებული ღალატის ქრონიკას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.