25 ნოემბერს სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლი” ბერგამოში “ატალანტას” დაუპირისპირდება. Areanapoli-ს ცნობით, თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მატჩის განაცხადში იქნება და არ არის გამორიცხული, ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ შეცვლაზე შეუშვას.
Spazionapoli კი იტყობინება, რომ ორი აბსოლუტური ლიდერის მომავალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში თამაში გადამწყვეტი იქნება და მაცარი ქართველს ესაუბრა, აუხსნა, როგორ აპირებს მისი უნარების გამოყენებას, მეტადრე ბურთის ფლობისას, არ შეზღუდავს, უთხრა რას მოითხოვს მისგან უბურთოდ თამაშისას, ეს ყველაფერი ხარისხის და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდება და შეეცდება იგივე გააკეთოს, რასაც ნეაპოლურ
გუნდში ესეკილ ლავეცისთან მიმართებაში ითხოვდა.
მატჩიწინა პრესკონფერენციაზე მაცარის სწორედ კვარაცხელიას და ლავეცის მსგავსებაზე დაუსვეს კითხვა. “ერთი და იგივე პოზიციაზე თამაშობენ, მახასიათებლები სხვადასხვაა. ლავეცი უკან არ ბრუნდებოდა, როგორც ამას “კვარა” აკეთებს, საამისოდ ძალა არ ჰქონდა, მაშინ სხვა ფეხბურთი იყო, მათი შედარება არ შეიძლება, ეს ორი განსხვავებული მოთამაშეა. შეტევისას ხარისხით კი მსგავსები არიან, თუმცა ქართველი უფრო თავისუფლად მოქმედებს და გუნდს ეხმარება”, – უპასუხა მაცარიმ.
“ნაპოლის” 18-დღიან ინტერვალში 5 მატჩი ელის – “ატალანტასთან”, “რეალთან”, “ინტერთან”, “იუვენტუსთან” და “ბრაგასთან” და ეს პერიოდი შეიძლება გუნდისთვის სეზონში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.