“ქუთაისმა” ფინალში “კავკასია” დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია! კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩი თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 90:82 (სტატისტიკა) მოუგო “კავკასიას”, საერთო ანგარიში 3:1 გახადა და ქვეყნის უმთავრეს საკალათბურთო ტიტულს დაეპატრონა.
ეს გახლავთ ქუთაისელთა მე-3 საჩემპიონო ტიტული. აქამდე იმერულ კლუბს სუპერლიგა 2016 და 2022 წელს ჰქონდა მოგებული და ყველა ჯერზე კოტე ტუღუშის წინამძღოლობით. პირადად ტუღუშისთვის, მწვრთნელის ამპლუაში ეს გახლდათ საქართველოს ჩემპიონის მე-5 ტიტული – ხსენებულ ქუთაისურ ტიტულებთან ერთად მან ოქროს მედლები “არმიაში” (2012) და “ აკადემიაში” (2014) მოიგო.
ქუთაისმა ჩემპიონობა დაიმსახურა, იმდენად კარგად ჩაატარა ფინალური სერიის თბილისური მატჩები, თუმცა კავკასიაზეც სათქმელია: ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს დასრულებული სუპერლიგის პლეი ოფიდან ჩემპიონობის 2 სოლიდური კანდიდატი – მეოთხედფინალიდან თსუ და ნახევარფინალიდან გურჯაანის “დელტა” გააგდო. ტიტულის მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატებად ამ გუნდებთან ერთად ქუთაისი ითვლებოდა და სწორედ კოტე ტუღუშის გუნდი შეხვდათ კავკასიელებს ფინალში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისში ფინალური სერიის 1 მატჩი მოიგო და მოედნის უპირატესობას ფლობდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, იმერულმა კლუბმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მაგარი მატჩი ჩაატარა და ჩემპიონი გახდა. კავკასია, რომელიც დღევანდელ მატჩში უიმედო სიტუაციაში იმყოფებოდა, თამაში შემოატრიალა და გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა…
პირველი პერიოდი იმდენად ვერა, ქუთაისელებმა უფრო მეორეში იძალეს და დიდ შესვენებაზე მატჩში 24 ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს – 56:32. ეს გახლდათ იმერული კლუბის გამართული თამაშის შედეგი როგორც პერიმეტრზე, ისე – ფარქვეშ. მესამე პერიოდის შუაწელში ქუთაისელებმა ლიდერობა 26 ქულამდე გაზარდეს და კავკასია წაგების ზღვარზე აღმოჩნდა. რომ არა ჯასტინ ფორესტის, ლუკა მაზიაშვილისა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის შედეგიანი თამაში, კავკასია მესამე პერიოდის ბოლოსვე გაიწირებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. პერიოდის 28:15 მოგების შემდეგ ბოლო პერიოდის წინ 11-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სხვაობა არაფერია, თუმცა ქუთაისმა გაძლო. კავკასიელებმა ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ მეტისთვის ძალა აღარ ეყოთ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა, აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც ამ შეხვედრაში 8 ქულა შეაგროვა, 5 ბოლო წუთებზე მიითვალა. მან ჯერ სამქულიანი, შემდეგ კი ორიანი მიითვალა და მებრძოლ კავკასიელებს მოგების შანსი ფაქტობრივად მოუსპო. პლუს, თბილისელთა გამთამაშებელმა, ლუკა მაზიაშვილმა მსაჯებთან კამათის გამო ტექნიკური ჯარიმები მიიღო და კავკასია ბოლოსწინა წუთზე 7 ქულით ჩამორჩა – იმედიც გადაეწურა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სუპერლიგის 2023/24 სეზონის ფინალისტები ვერცხლისა და ოქროს მედლებით ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა და სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ დააჯილდოვეს.
გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელს ატარებს, კავკასიის კალათბურთელ, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, გელა დარსაძის მეუღლემ ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა!
სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო, რომელიც ზვიად მიქაძის სახელობისაა, კალათბურთელის შვილებმა, სალომე და იოანა მიქაძეებმა გიორგი ოჩხიკიძეს გადასცეს!
სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი ჩემპიონი კოტე ტუღუში სიმბოლური ჯილდოთი სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა!
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისის დეტრეკ ბრაუნინგი გახდა, რომელსაც ჯილდო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა!
GBF