უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გიტანას ნაუსედას ტელეფონით ესაუბრა და ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.
„განვიხილეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მომზადება: სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, ევროპული საბჭოს სამიტი და ნატო-ს სამიტი. ლიეტუვა და პირადად პრეზიდენტი ნაუსედა ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ეს მოვლენები წარმატებული იყოს უკრაინის, ევროპის ერთიანობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
მისივე ინფორმაციით, ნაუსედასთან სატელეფონო საუბრის დროს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოვაწეროთ ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეფუძნება ვილნიუსში ხელმოწერილ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას“, – აცხადებს ზელენსკი.