მინისტრმა ჰოსპიტალურ სექტორთან მორიგი შეხვედრა გამართა – იგეგმება თუ არა ცვლილებები DRG-ში?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი გასვლითი შეხვედრა წყალტუბოში გამართა. ინფორმაციას პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ინფორმაციის თაანხმად, შეხვედრის თემა იყო „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“. შეხვედრაში მოწვეული იყვნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების კლინიკების წარმომადგენლები.
შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ: პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე.
დისკუსია გაიმართა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, აღნიშნული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. ასევე მოუსმინეს კლინიკების პასუხისმგებელ პირებს.
„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიურ კომუნიკაციას სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა ერთობლივად დავსახოთ პრობლემების გადაჭრის გზები და ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.
დეტალებს, თუ რა მიმართულებით ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებმა, ინფორმაციაში ვერ ვხვდებით.
„დიარჯის“ მოდელთან დაკავშირებით მინისტრმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. ჯანდაცვის ასოციაციის მონაცემებით, მთავარი განსახილველი თემები იყო „დიარჯის“ დაფინანსების გადახედვა სხვადასხვა კოდებზე, კერძოდ, რეანიმაცრიული განყოფილების დაფინანსება, მონიტორინგის მექანიზმები და ინფექციების კონტროლი, ასევე ჯარიმების გადახედვა. კერძო ჰოსპიტალური სექტორის ნაწილი „დიარჯის“ ფარგლებში დაწესებული ტარიფებით უკმაყოფილებას დიდი ხანია გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური სერვისები ვეღარ ვითარდება. გამოსავლად ისინი პაციენტის მხრიდან თანაგადახდის პრინციპის შემოღება ითხოვენ, რათა პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავად აირჩიონ, რა მასალებით ჩაუტარდებათ ესა თუ ის ჩარევა. დღეს მოქმედი სისტემით, მოქალაქეებს, დამატებითი სერვისების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საყოველთაო ჯანდაცვას ერთჯერადად დატოვებენ და სასურველ სერვისებს მთლიანად თავად დააფინანსებენ.
იგეგმება თუ არა ცვლილება ამ მიმართულებით, ამ ეტაპზე ისევ უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ