„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე, უფრო კონკრეტულად, იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობები. ამიტომ, მისი თქმით, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა და განმარტა, რომ ამ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე შეჯერდნენ.
„რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიერ იყო ინიცირებული, თვითონ ეს კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები. თუმცა, ასეთი პირადობების მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა, პირობითად, მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება, მეტი არა. გამომდინარე იქიდან, რომ რაზეც შევჯერდით დღეს, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ არსებითად ამაზე შევჯერდეთ, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები. შესაბამისად, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებს საერთოდ არ აქვს ხმის მიცემის უფლება. მისი განმარტებით, „ევროპელი სოციალისტების“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონდე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას, რაც ასეთად უნდა დარჩეს. კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
მისი თქმით, მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობებს.
„თავიდან ბოლომდე, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, თარიღზე შევჯერდებით, მაგრამ პირობითად 1-ელი მარტიდან 230 ათასი, თუ რამდენიც არის, პირადობის მოწმობა გაუქმდება. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ხმას ვერავინ მისცემს. აქედან გამომდინარე შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება დაახლოებით 500 კაცი, არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, საქართველოში არის დაახლოებით 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, აქ საუბარი არ არის ფიზიკურად აღებაზე, არსებობს ისეთი ფიზიკური მდგომარეობა, რომლის გამოც მის მიმართ ვერ იქნება გაცემული ელექტრონული პირადობის მოწმობა. ასეთი დაახლოებით ჯამში 180 კაცი არის, მათგან 64 არის ვინც რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას. ჯამში ეს რიცხვი, როდესაც გაუქმდება ძველი პირადობები, შეიძლება მაქსიმუმ 500-მდე გაიზარდოს. ამიტომ, თავიდან ბოლომდე პრობლემა მოიხსნება. ერთის მხრივ, მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც აძლევს არაელექტრონული პირადობის მოწმობის შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებას, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა. გაუქმდება დაახლოებით 230 000 ძველი პირადობის მოწმობა და ამას ვერავინ გამოიყენებს საარჩევნო მიზნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.