აშშ-მ საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა“ გამოაცხადა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, ეს გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული სანქციები უკვე ამოქმედებულია, რადგან ის დაეყრდნო არა წინასწარ დაანონსებულ აქტს, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს, არამედ, ქვეყნის საიმიგრაციო კანონს. აღნიშნული კი, გამოცხადებისთანავე მოქმედებს.
„ბლინკენმა ეს სანქციები სხვა კანონის საფუძველზე გამოაცხადა და ის განსხვავდება იმ სპეციალური კანონისგან, რომლის განხილვაც ახლაა დაწყებული. ამ კონტექსტში ამბობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ ჯერ არ ამოქმედებულაო. არა, ბლინკენმა რაც გამოაცხადა, უკვე ამოქმედებულია. უფრო უარესი იქნება, ჩემდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩემ სამშობლოზეა საუბარი, ის რაც საქართველოსთან მიმართებით განიხილება კანონის სახით და შესაბამისად, უფრო ფართო იქნება. უსაფრთხოების სამსახურს, პოლიციას, პრაქტიკულად მთელ საჯარო სექტორს მოიცავს ის სანქციები, რომელიც კონგრესში და სენატში განხილვის საგნად იქცევა. ასე რომ, ეს არის იმიგრაციის კანონი, რომელიც სახელმწიფო მდივანს აძლევს ამის საშუალებას და ასეც მოიქცა, უკვე ამოქმედდა.
ის (წინა აქტი) სპეციალურად საქართველოსთან მიმართებით ორ ნაწილად იყოფა, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ქართული დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა გონზე მოყვანა. საიმიგრაციო კანონმდებლობა კი, რომელსაც ბლინკენი დაეყრდნო აბსოლუტურად სხვა კანონია. ეს ზოგადად მსოფლიოში დემოკრატიის ხელისშემშლელთა სანქციების საშუალებას აძლევს ბლინკენს. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ამის კანონიერი საფუძველი მას ჰქონდა, „ქართულმა ოცნებამ“ დააჩქარა მისი სანქციები, თორემ ბლინკენს აქამდეც შეძლო გამოეყენებინა ეს კანონი, აქციების დაწყების პერიოდში, კანონის ინიცირების დროს, ან შარშან, მაგრამ არ გამოიყენა. და, რა მოხდა ბოლო 1 თვის განმავლობაში, ვინ დააჩქარა მოვლენები, ვინ იქცევა არადემოკრატიულად?! მგონი, რთული მისახვედრი არ არის. ბლინკენის და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიცია ამ შემთხვევაში თანხვედრაშია, შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი განაჩენი თვითონვე დაწერა“,- ამბობს ლევან ალაფიშვილი.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი, აქციის მონაწილეების დარბევა და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა.
აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ მის დაძლევაზე საუბრობენ.
თავის მხრივ, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი, აქტივების გაყინვა და ქვეყნის გარეთ გადაადგილების უფლების აკრძალვა დააანონსა.
ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას იწყებს.
წყარო: bpn