სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი 2000-დან 10 000 ლარამდე იზრდება – გვანცა ჟორჟოლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ახალ კანონზე

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი 2025 წლის პირველი იანვრიდან იცვლება. მომავალი წლიდან, „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის“ ნაცვლად ძალაში შედის „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი“, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი 2000-დან 10 000 ლარამდე იზრდება. მთავარი აქცენტი კი მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შეზღუდვაზე კეთდება. როგორც იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, 2025 წლიდან მღვდელმთავრების და სხვა სასულიერო პირების „რწმენას, სინდისს, აზრის თავისუფლებას და მათი რელიგიის დომინანტურობას“ სპეციალური კომისია შეაფასებს და ეს კომისია გადაწყვეტს ეხება თუ არა ამა თუ იმ სასულიერო პირს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ასეთ მიდგომას იურისტისთვის არასწორად თვლის.
სტატიაში დეტალურად გიამბობთ – რა შემთხვევაში თავისუფლება პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, რა შემთხვევაში ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება და კონკრეტულად რა ცვლილებები შედის კანონში 2025 წლის პირველი იანვრიდან.
რა შემთხვევაში თავისუფლება პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან?
იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის განმარტებით,
· პირი თავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან იმ შემთხვევაში, თუ აქვს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემა, რომელიც შეუძლებელს ხდის კონკრეტული პირის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურებას.
· სავალდებულო სამხედრო სამსახური ეკუთვნის 18-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის მქონე მოქალაქეებს და 27 წლიდან პირი თავისუფლება სავალდებულო სამსახურიდან.
· სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ხდება მაშინ, თუ მოქალაქე სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის სხვა ქვეყანაში.
· თუ მოქალაქე დათანხმდა ალტერნატიულ სამსახურს (ეს შეიძლება იყოს სამაშველო, სახანძრო, ბაღების დალაგება, მუნიციპალიტეტის სამსახურში მუშაობა და ა.შ).
· თუ არის სამეცნიერო ხარისხის მქონე პიროვნება, ან იცავს აკადემიურ ხარისხს.
· თუ არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის მშობელიც დაიღუპა საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში.
· ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გაათავისუფლოს პიროვნება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, თუ ის გარკვეული ნიჭითაა დაჯილდოებული, მაგრამ 2025 წლის პირველი იანვრიდან, რაკი საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის, აღნიშნულ უფლებამოსილებას პრემიერ-მინისტრი შეითავსებს.
რა შემთხვევაში ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება?
თუ ამ ეტაპზე, 25 წლამდე პირს აქვს 2-ჯერ მიმართვის უფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაწვევის გადავადებაზე. 2025 წლიდან, ახალი კანონმდებლობით, მას მხოლოდ ერთხელ ექნება ამის შესაძლებლობა. თუ გადავადების საფასური ახლა არის 2000 ლარი, ახალი კანონმდებლობით მოსაკრებელი 10 000 ლარამდე იზრდება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ პირს აქვს:
· ჯანმრთელობის პრობლემები. მაგრამ ამ შემთხვევაში კომისია მხოლოდ 1 წლის ვადით გადაავადებს გაწვევის მოთხოვნას. 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქემ კვლავ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
· თუ მოქალაქის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გადავადდება გაწვევა.
· თუ გადაიხადა გადავადების მოსაკრებელი და არის სკოლის მოსწავლე, მაგრამ არ უნდა იყოს 20 წლამდე, 20 წლის შემდეგ, მასაც შეეხება გაწვევა და აღარ ექნება გადავადების საშუალება.
· სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება შეუძლია ასევე მოქალაქეს, თუ ჰყავს შრომის უუნარო და მის კმაყოფაზე მყოფი მშობლები, და-ძმა, ან ოჯახის სხვა წევრი;
· თუ არის მღვდელმთავარი და სასულიერო პირი;
· თუ ჰყავს 3 წლამდე შვილი, ან არის მრავალშვილიანი მამა (2 ან 2-ზე მეტი შვილით);
· თუ არის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. ამ შემთხვევაში მას აქვს უფლებამოსილება მიმართოს კომისიას და მოითხოვოს გადავადება.
რა ცვლილებები შედის კანონში 2025 წლიდან?
გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, 2025 წლის პირველი იანვრიდან თავიდან ბოლომდე იცვლება პაკეტი, კანონს ეცვლება სახელიც. თუ ახლა „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი“ ჰქვია, 2025 წლიდან „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი“ ერქმევა. 12-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური 11-თვიანი ხდება და მისი გავლა იმ სტუდენტებსაც მოუწევთ, ვინც უმაღლეს სასწავლებელში დისტანციურად სწავლობს.
„ამ ეტაპზე თუ ჩვენ სტუდენტის სტატუსი გვაქვს, შეგვიძლია მოვახდინოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება, მაგრამ ახალი კანონის მიხედვით, ის სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოშია ეს უმაღლესი სასწავლებელი აკრედიტებული, თუ საზღვარგარეთ, მასაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა.
თუ ამ ეტაპზე სავალდებულო სამხედრო სამსახური გვაქვს 12-თვიანი, ახალი კანონით 11-თვიანი ხდება. თავდაცვის სამინისტრო ყველა მოქალაქეს, ვისაც ეკუთვნის სავალდებულო სამხედრო სამსახური, 3 ტიპის სავალდებულო სამსახურს სთავაზობს. აქვთ 6, 8 და 11-თვიანი პროგრამები. ის სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს, ვალდებულია, გაიაროს სარეზერვო სამსახური, რომელიც 4-წლიანია და 4 წლის განმავლობაში ის ყოველკვირეულად, ან ყოველთვიურადაა ჩართული სარეზერვო სამსახურში“, – განმარტავს იურისტი.
ახალ კანონში გამკაცრებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სასულიერო პირების გათავისუფლების საკითხი.
„წინა წელს ამ პუნქტით, რომ სასულიერო პირი ან მღვდელმთავარი იყო, გადავადებაზე 13 741-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან მხოლოდ 2 იყო მართლმადიდებელი, 5 – მუსლინი, 16 – სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი და დანარჩენი ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიასთან არსებული რელიგიური ორგანიზაციის წევრი. სახელმწიფო შეეცადა, რომ ეს „ შავი ხვრელი“ ამოევსი, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს იყო კარგი მცდელობა საიმისოდ, რომ მომხდარიყო სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება.
ახალი კანონით, თავდაცვის სამინისტრო ავალდებულებს ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისა, შეიტანონ კომისიაში განცხადება და თქვან, რომ მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება სურთ რწმენის, სინდისის და თავისუფლების გამოხატვის თვალსაზრისით და ისინი არიან რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში სპეციალური კომისია წყვეტს აღნიშნული რელიგია არის დომინანტური, თუ არადომინანტური. ეს არ ეხება მართლმადიდებლურ რელიგიის წარმომადგენლებს, რადგან კონსტიტუციით, სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონკორდატია დადებული, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესია უპირატესობით სარგებლობს, რის გამოც მართლმადიდებლურ რელიგიის სასულიერო პირები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ სხვა დანარჩენი კონფესიის წარმომადგენლების შემთხვევაში გათავისუფლება დამოკიდებულია სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაზე“, – აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.
იურისტი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ადამიანის რწმენას, სინდისს და აზრის თავისუფლებას ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა წყვეტდეს.
„როგორც იურისტი ვთვლი, რომ არასწორი მიდგომაა – ჩემი რწმენის, სინდისის და აზრის თავისუფლებას არ უნდა წყვეტდეს გარკვეული ადმინისტრაციული ორგანო. მე ვეთანხმები იმასაც, რომ კანონს მართლა ჰქონდა ხვრელი და საქართველოში რელიგიურ ორგანიზაციად დარეგისტრირება რთული არ არის და მართლა იყო თავის არიდებასთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ გადამიწყვიტოს, რომელი რელიგია და კონფესიაა დომინანტური და რომელი არა“, – ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, თუ კომისიამ დაადგინა, რომ არადომინანტური რელიგიის წარმომადგენელი ხართ და ის არ შეესაბამება სახელმწიფოში აღიარებული ნორმებს, ყველა სასულიერო პირს მოუწევს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახურის გავლა. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალური სამსახური, სკვერებისა და ბაღების მოვლა, სამაშველო-სახანძრო სამსახური და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ არ ვეთანხმებით კომისიის გადაწყვეტილებას, მოქალაქეს აქვს უფლებამოსილება, 10 დღის ვადაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში. სასამართლო 5 დღის ვადაში განიხილავს დასაშვებია თუ არა სარჩელი და იღებს გადაწყვეტილებას, განიხილოს თუ არა ის. ამის შემდეგ, კი 15 დღის ვადაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ახალი „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი“ 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.